ბანკთაშორისი გადარიცხვების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან ბანკთაშორისი საგადახდო სისტემის სამუშაო გრაფიკს 1 საათით ახანგრძლივებს, რაც საშუალებას მისცემს კომერციულ ბანკებს მომხმარებლების გადარიცხვები სამუშაო დღის 18:00 საათამდე შეასრულონ.
„ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის ახალი სამუშაო გრაფიკი დადგინდა ბანკთაშორისი საგადახდო სისტემის (RTGS სისტემის) წესებით, რომლის მიხედვით, კლიენტის გადარიცხვების შესრულების ზღვრულ დროდ განისაზღვრა 18:00 საათი. დღემდე ასეთ გადახდებს RTGS სისტემა მხოლოდ 17:00 საათამდე ამუშავებდა. აღნიშნული ცვლილება ზრდის ბანკების შესაძლებლობას კლიენტებისგან მიღებული საგადახდო დავალებები შეასრულონ იმავე დღესვე. RTGS სისტემა ბანკთაშორისი ეფექტიანი საგადახდო სისტემაა, რომლის დანერგვითაც მინიმუმამდეა დაყვანილი საოპერაციო რისკები, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული სისტემაში გადარიცხვების დამუშავების პროცესი, საოპერაციო საათების განმავლობაში ბანკთაშორისი გადარიცხვები იწარმოება დავალებათა დამუშავების უწყვეტ რეჟიმში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფილია წვდომის უსაფრთხოება და სისტემაში გამავალი ინფორმაციის დაცულობა. RTGS სისტემის მართვას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს. აღნიშნული სისტემის მონაწილეები საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურია, რაც გულისხმობს, რომ ზემოთ აღნიშნული ცვლილება შეეხება როგორც ბანკიდან ბანკში კლიენტების გადარიცხვებს, ასევე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში მიმართულ გადახდებს“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.