მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქვეყნის გარეთ ტურისტული მიზნით გასვლის მზარდი ტენდენცია შეინიშნება, ქართველების დიდი ნაწილი ზაფხულს საკუთარ ქვეყანაში ატარებს.
საინტერესოა, რომელ რეგიონებს სტუმრობენ ტურისტული მიზნით ქართველები საკუთარ ქვეყანაში. ამის გასარკვევად, კვლევითმა ორგანიზაცია „აიფიემმა“ 1500 ადამიანი გამოკითხა ქვეყნის მასშტაბით.
როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთაგან დაახლოებით, ყოველმა მეოთხე ადამიანმა (24,9%) აღნიშნა, რომ ბოლო 5 წელი საქართველოს არც ერთ რეგიონში/მხარეში არ ყოფილა ჩასული ტურისტული მიზნით. ხოლო გამოკითხულთა იმ ნაწილიდან, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, საკუთარ ქვეყანაში ტურისტული მიზნით რომელიმე რეგიონი/მხარე მაინც მოინახულა, ყველაზე მეტი აჭარაშია ნამყოფი (23,3%).[1] ასევე, გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი სტუმრობდა რაჭასაც (21,3%).
„კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ქართველების მიერ ქვეყნის შიგნით თითოეულ ტურისტულ ვიზიტზე დახარჯული თანხა საშუალოდ, 680 ლარია.
საგულისხმოა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მონაცემი ქართველი და უცხოელი ტურისტების რაოდენობას ჯამურად ასახავს, ფაქტია, რომ საქართველოში შიდა ტურიზმი მეტად პოპულარული ხდება.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ შედეგს, რომ გამოკითხულთა 24,9% ბოლო 5 წელია საქართველოს არც ერთ მხარეში არ ყოფილა ტურისტული მიზნით, ხოლო ისეთი მხარეები, როგორიც ფშავ-ხევსურეთი და თუშეთია, რესპონდენტთა საკმაოდ მცირე რაოდენობამ დაასახელა (შესაბამისად, 2.1% და 1,4%), შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს მხარეები ამ კუთხით, ქართველებისთვის ჯერ კიდევ აღმოსაჩენია”, – ნათქვამია „აიფიემის” კვლევაში.