„მგზავრების“ სოლისტი, გიგი დედალამაზიშვილი დედასთან, მუსიკოს ციცი ფალავანდიშვილთან ერთად დედა-შვილობაზე სასაუბროდ „იმედის დღეს“ ესტუმრა.
გიგი დედალამაზიშვილი:
„მთელი ცხოვრება ვიყავი სულ თავისუფლებაში და ამან ჩამოაყალიბა ჩემი პიროვნება. დედაჩემი და მამაჩემი, მთელი ოჯახი, ბებია და ბაბუა, იყვნენ ჩემი, ჩემი დისა და ბიძაშვილების გვერდით. მართლა ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დედა მყავს. ჯერ ერთ ინსტიტუტში ჩავაბარე, მერე მომინდა მსახიობობა, მერე ბანკში დამაწყებინეს მუშაობა, მერე მუსიკოსობა მომინდა… 23 წლამდე დედა და მამა მაძლევდნენ ფულს და დედაჩემს არასდროს უსაყვედურია, როდის უნდა დაიწყო მუშაობაო. არ ვიცოდი, რა მინდოდა…“
ციცი ფალავანდიშვილი:
„მერე რა? ძალიანაც კარგი. ადამიანი უნდა იყოს იქ, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. ვიცოდი, რომ იურიდიულზე ჩემი ხათრით სწავლობდა და კარგად სწავლობდა. ჩემი ხათრით დაამთავრა საბუღალტრო კურსები…“
გიგი:
„ერთი ძალიან ახლობელი მეგობარი მყავს, ირაკლი. დედაჩემთან მივიდა და უთხრა, ციცი, ახლა ისეთი დროა, ბუღალტერიის კურსების გარეშე არაფერი გამოვაო. ამ დროს დედაჩემთან მივედი და ვუთხარი, მსახიობობა მინდა-მეთქი. ერთი პირობა მაქვს, სამსახიობოზე ისე არ წახვიდე, რომ ბუღალტერიის კურსები არ გაიაროო. მანანა ბერიკაშვილის შემდეგ, მასთან მეტყველების გაკვეთილებზე დავდიოდი, ბუღალტერიის კურსებზე მივდიოდი, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, რომ იქ ვერაფერი გავიგე…“