LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმება და სასმელი წყლის ხარისხის დასადგენად კვლევა იწყება

246

სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მოსახლეობის მასშტაბურ კვლევას იწყებს. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ოფიციალური დაწყების პრეზენტაცია 17 სექტემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომლის მიზანია საქართველოში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვება. კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 14 000-ზე მეტ ოჯახთან ინტერვიუებს, სასმელი წყლის ხარისხის დადგენას და 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმებას.

“კვლევის შედეგად საქართველოში შეგროვდება ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები სხვადასხვა სფეროში ქალებისა და ბავშვების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას. კვლევის მიმდინარეობის პარალელურად, გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებს მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანიას და საზოგადოების მობილიზაციას, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება კვლევისა და საველე სამუშაოების დაწყების შესახებ. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება“, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის შესახებ პრეზენტაციას დაესწრებიან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირები.