საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.მოსამართლის განამრტებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დანაშაულის ხასიათის სიმძიმიდან და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე.
ადვოკატები, რომლებიც თითოეულ ბრალდებულზე 50 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
გამოძიება საბროკერო კომპანიის დამფუძნებლებს თაღლითობაში და კომპიუტერულ მონაცემებში უკანონოდ შეღწევასა და შეცვლაში ადანაშაულებს. წარდგენილ ბრალდებაში დაკავებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. მათ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს, რომ გარკვეულ პირთა მიმართ დავალიანებებს აღიარებენ და უკვე რამდენიმე თვეა, ამ დავალიანების დაფარვაზე მუშაობენ.
ამასთან, ბრალდების მხარის ინფორმაციით, მომხმარებლები მოატყუეს, რომ მათ მიერ ჩარიცხული თანხებით საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობას შეძლებდნენ, თუმცა სწორედ ამ კომპანიის მიერ ხდებოდა მონაცემების შეცვლა, რათა მოგება არ დაფიქსირებულიყო.
დაცვის მხარე ამბობს, რომ კომპანიასთან ასეულობით პირი თანამშრომლობდა და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ იმ რამდენიმე ათეულს, რომლებმაც საერთაშორისო ბირჟებზე წარუმატებელი ვაჭრობის გამო თანხები დაკარგეს. მოსალოდნელ რისკებზე კი, ისინი თავიდანვე ხელშეკრულებითაც გაფრთხილებულები იყვნენ.
„ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლები საფონდო ბირჟაზე თაღლითობისა და კიბერდანაშაულის ბრალდებით 21 აგვისტოს დააკავეს.