ყვავილების ნარიყალა და ქართლის დედა – სწორედ ამ დეკორაციით წარსდგა წელს საქართველო პირველად, ინდონეზიაში გამართულ ინტერნაციონალურ ყვავილების ფესტივალზე.
ფესტივალი 8-10 აგვისტორს კუნძულ მანდოსთან, ქალაქ ტომოჰონში ჩატარდა.
როგორც „ფორტუნასთან“ ინტერვიუში Tika Tours-ის ხელმძღვანელი თიკა სვანიძე ყვება, ფესტივალის ორგანიზატორებმა საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, გადაწყვიტეს, სწორედ ამ ფორმით გაეცნოთ ინდონეზიელებისთვის საქართველო.
„კორეტა ლუისმა, რომელიც ამ ფესტივალის თავმჯდომარეა, ჩემი კომპანიით საქართველოში იმოგზაურა და იმდენად მოეწონა და შეუყვარდა საქართველო, გადაწყვიტა ერთად გაგვეცნო საქართველო ინდონეზიის მოსახლეობისთვის, რომლებმაც თითქმის არაფერი იცნოდნენ ჩვენს ქვეყანაზე.
საქართველოს წარმოჩენა ამ ფესტივალზე ქართლის დედით და ნარიყალათი, სწორედ მისი იდეა იყო“ – განაცხადა თიკა სვანიძემ “ფორტუნასთან”.
lingga wijayadi-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო სწორედ საქართველოს ყვავილების “ინსტალაციით” იწყება.
გარდა დეკორაციის წარდგენისა, ფესტივალზე შესრულდა ქართული ცეკვა “მთიულურიც”. ცეკვის ფორმები ინდონეზიაში შეკერეს და ცეკვაც ინდონეზიელმა მოცეკვავეებმა შეასრულეს.
“ზუსტად 5 დღეში ინდონეზიელებმა youtube-დან ისწავლეს მთიულურის ცეკვა და შესანიშნავად იცეკვეს”- აღნიშნა თიკა სვანიძემ “ფორტუნასთან.”
ვიდეო Tika Tours-მა მოგვაწოდა.
ტომოჰონის ინტერნაციონალური ყვავილების ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც 2008 წლიდან ტარდება და რომელშიც უამრავი ქვეყანაა ჩართული.
ყველაზე ფერად და სურნელოვან დღესასწაულზე დასასწრებად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან კუნძულ მონდოზე უამრავი ადამიანი იყრის თავს.
თამთა უთურგაშვილი