LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოადგილეების და კომისიების თავმჯდომარეების პოზიციებს ვთავაზობთ როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე, ოცნების წარმომადგენელს – “საქართველოსთვის” წალენჯიხის საკრებულოზე

88
1622465072-berdia-sichinava

„წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების და კომისიების თავმჯდომარეების პოზიციებს ვთავაზობთ როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე, ოცნების წარმომადგენელს“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მსგავსად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი გადაიდგა მუნიციპალური კრიზისის დასრულებისკენ და საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი კორნელი სალია. მინდა მივულოცო მას, წარმატებული საქმიანობა ვუსურვო წალენჯიხისა და წალენჯიხელებისთვის.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციებს ვთავაზობთ როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე, ოცნების წარმომადგენელს.

ასევე, კომისიების ფორმირებისთვის მოვუწოდებთ როგორც „ოცნების“ წარმომადგენლებს, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებს, აქტიურად ჩაერთონ საკრებულოს ერთობლივ მართვაში და თანაბრად აიღონ პასუხისმგებლობა წალენჯიხაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების წინაშე“ – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ დაფუძნების დღიდან მმართველი პარტია აბრალებს ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას, ნაციონალური მოძრაობა კი ქართულ ოცნებასთან. მათივე განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ პრინციპი არის ერთი, რომ ის ეფუძნება მოქალაქეების მოთხოვნებს.

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია "საქართველოსთვის" წევრი აირჩიეს

სალიას მხარი დაუჭირა საკრებულოს 14-მა დეპუტატმა, 1 ბიულეტენი კი გაბათილდა. თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართულ ოცნებას".

„საზოგადოება, ალბათ, შენიშნავდა, რომ ჩვენი პარტიის დაფუძნების დღიდან, „ოცნების“ წარმომადგენლები გვაბრალებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები – „ოცნებასთან“, შეიძლება ორივე პარტიისთვის უცხოა, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ მარტივი პრინციპით, ეს არის პრინციპი, რომელიც ეფუძნება ჩვენი მოქალაქეების მიერ ამ მუნიციპალიტეტში გაკეთებულ არჩევანს.

7 მუნიციპალიტეტში, როგორც მოგეხსენებათ, მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანით თქვეს, რომ არც ოცნების და არც ნაციონალური მოძრაობის ხილვა არ სურთ უმრავლესობით, შესაბამისად, მათ პრობლემებზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ ერთად.

ეს ორივე პოლიტიკური ძალა კი, უკვე თვეებია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იქცევა უპასუხისმგებლოდ, არათანმიმდევრულად და მოქმედებს ვიწროპარტიული ინტერესებით და მუნიციპალიტეტებში ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, რისი შედეგიცაა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ხალხის მიერ არჩეული საკრებულოების ამ დრომდე უფუნქციოდ დარჩენა, შესაბამისად, მუნიციპალური კრიზისი და მოქალაქეების მოუგვარებელი პრობლემები.

როდესაც ჩვენ წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე, ორივე პარტიის წარმომადგენლებს, როგორც ოცნების წარმომადგენლებს ასევე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ვთავაზობთ, დაგვიჭირონ მხარი და ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურაზე და კომისიების ფორმირების პროცესში უნდა იქნეს წარმოდგენილი ორივე პოლიტიკური პარტია. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც აირჩია ხალხმა კონკრეტულ მუნიციპალიტეტში.

როდესაც ვამბობთ „ბალანსის პრინციპით“, ვგულისხმობთ იმას, რომ საკრებულოებში, სადაც ოპოზიციას აქვს უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ოპოზიციური უპირატესობით უნდა იყოს პოზიციები წარმოდგენილი საკრებულოებში, მაგრამ არა ისე, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, პრინციპით, რომ მათ ჰქონდეთ თანამდებობები და არცერთი თანამდებობა ქართულ ოცნებას, იმ ადამიანებს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა დაუჭირა მხარი“ – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი, კორნელი სალია აირჩიეს. ეს წალენჯიხის თავმჯდომარის არჩევის მე-5 მცდელობა იყო.