ჟურნალი „სარკე“ რუსთაველის თეატრის მსახიობს, ნიკა ქაცარიძეს სტატიას უძღვნის. მას ჟურნალთან მეგობრები იხსენებენ. მათ შორისაა პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი, რომელიც აღნიშნავს: „იმ დღეს, სანამ გარდაიცვლებოდა, დამირეკა, ძალიან მინდა, ყველანი ჩემთან შევიკრიბოთო. ასე ჩამოურეკავს სხვებთანაც. ვუთხარი, მოდი, 8 იანვრისთვის გადავდოთ-მეთქი. არაო, მიპასუხა, მინდა, ყველანი დღეს გნახოთო. სამწუხაროდ, ვეღარ ვნახეთ…“
რუსთაველის თეატრის მსახიობი, ირაკლი სანაია ამბობს, რომ ნიკა ქაცარიძე მას გარდაცვალების შესახებ რამდენიმე წლის წინ ესაუბრა: „ხშირად ამბობდა, ბიჭებო, ერთმანეთს მოვეფეროთ და ჩავეხუტოთ, არ ვიცით, ვინ როდის წავალთ ამქვეყნიდანო. დაახლოებით 5 წლის წინ მითხრა, ირაკლი, ასე მგონია, მალე მოვკვდებიო, მაშინ გავბრაზდი, რა სისულელეს ლაპარაკობ-მეთქი…“
შეგახსენებთ, რომ ნიკა ქაცარიძე 43 წლის გახლდათ. მსახიობი მცირე ხნის წინ გულის პრობლემით გარდაიცვალა. ის, რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით, რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს…