LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ბაქრაძე: წიგნები გადავეცით, შეცდომები ვაღიარეთ, ვაპირებდით გასწორების ფურცლის დართვას, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩდა

6127
BeFunky-collage (5)

ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ კულტურის სამინისტროს განცხადების საპასუხოდ „ფეისბუკის” პირად გვერდზე დაწერა, რომ წიგნის „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ მუზეუმში დარჩენილი ტირაჟი სამინისტროს გადაეცა.

ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი წიგნში გაპარული შეცდომის შესახებაც წერს.

ანა კალანდაძის 2 ლექსი ელენე დარიანს მიაკუთვნეს – შეცდომის „ავტორი“ ავადაა – რას გეგმავს კულტურის სამინისტრო

“ამა წლის 16 იანვარს, კვირადღეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოითხოვა, რომ მთელი ტირაჟი წიგნისა „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ სამინისტროს გადაეცეს. ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული ამ წიგნის ბეჭდვა სამინისტროს დაფინანსებულია.

ამავე მოთხოვნის თანახმად, უნდა დავბრუნოთ უკვე გაყიდული და გაჩუქებული ეგზემპლარები. წიგნის მყიდველების ვინაობას ჩვენ ვერ დავადგენთ და გაყიდული წიგნების უკან დაბრუნება, რასაკვირველია, ვერ მოხერდება, და მუზეუმი ვერაფრით „მიმართავს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად“.

მუზეუმში დარჩენილი წიგნები დღეს უკვე გადავეცით სამინისტროს განკარულებაში.

ის რომ წიგნში, ბოლო, ლექსების ნაწილში, შეცდომებია გაპარული უკვე ვაღიარეთ და ვაპირებდით დარჩენილი ტირაჟისთვის შეცდომების გასწორების ფურცელი დაგვერთო, ისე, როგორც მიღებული წესია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ვერც ახალი, ჩასწორებული ტირაჟის გამოცემას მოვახერხებთ ჩვენი მუზეუმის უმწირესი ბიუჯეტით, მითუმეტეს, როცა სამინისტრო ბეჭვდის ხარჯების დაბრუნებასაც ითხოვს.

მაგრამ „არაერთი სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქე“ მეტს ითხოვს და, სამწუხაროდ, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მათი (ამ ეტაპზე) ასეთი განცხადებით დაკმაყოფილება, რასაც დღეს მართლაც „საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა“.

სავარაუდოდ, იგივე მრჩეველები, ვინც სამინისტროს ამ განცხადების გაკეთებას ურჩევდნენ, ახლა საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისკენ მოუწოდებენ, ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ ბოდიში მოიხადოს ამ ტექსტის გამოქვეყნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრს, სრულიად სამართლიანად, ჩვენი საერთო და ჯერაც დაუძლეველი საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა.

შეცდომები, რომლებიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2 იანვარს ვაღიარე, თურმე „კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია“. (სამწუხაროდ, შეცდომები მეტია – არა მხოლოდ ეს ორი ლექსი).

ასეთი შეცდომები არც თუ იშვიათია საგამომცემლო საქმეში, და ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო, რომ აქ რაღაც შეთქმულება დაინახო – ამჯერად უკვე ანა კალანდაძის წინააღმდეგ.

როდესაც რაღაც დანაშაულზე ჩნდება ეჭვი, მოტივიც უნდა არსებობდეს, და რა მოტივი შეიძლება გვქონდეს გამომცემელსა და რედაქტორს, რომ ისედაც პაოლო იაშვილის ლექსების მისაკუთრების მცდელობაში ეჭვმიტანილ ელენე დარიანს ახლა კიდევ ანა კალანდაძის ლექსები „მივაკუთვნოთ“?

კრიტიკისა და თვითკრიტიკის ქარცეცხლში თითქოს უკვე გაგვატარეს, მაგრამ სამინისტრო ჩემთან „გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას“ და კიდევ ერთხელ გარკვევას, თუ „რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა“, რომელიც, როგორც ჩანს, სამინისტროს თვალსაზრისით „სისტემისთვის“ საფრთხის შემცველია”,- წერს ლაშა ბაქრაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები