LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს პირსინგის გამო გაუსწორდნენ

381
პოლიცია

ქუთაისში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს პირსინგის გამო გაუსწორდნენ. ამის შესახებ მან on.ge-სთან ისაუბრა.

27 წლის ბიჭი ყვება, რომ ბარში მეგობარ გოგოსთან ერთად იყო, რა დროსაც იქ მყოფმა ერთმა კაცმა აგრესიული კომენტარი გააკეთა მის პირსინგზე, ბარიდან წამოსვლის შემდეგ კი თეთრ ხიდთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. მას ვინაობის საჯაროდ დასახელება არ სურს.

„ინგლისიდან ჩამოვედი ქუთაისის აეროპორტში. მე და ჩემი შეყვარებული წავედით ბარში, კარგი მუსიკა იყო, ბევრ ადამიანს ვესაუბრეთ, ძირითადად ინგლისურად, თუმცა ცოტა ქართულიც ვიცი და ქართულადაც ვლაპარაკობდი. კარგი საღამო იყო, გავერთეთ, ვცეკვავდით, თუმცა ბევრი არ დაგვილევია, მხოლოდ თითო ლუდი, მთვრალები არ ვიყავით. პატარა პირსინგი მაქვს ტუჩზე და ერთმა კაცმა აგრესიულად გააკეთა კომენტარი ამაზე. ძალიან მთვრალი იყო და ყველას მიმართ სულ უფრო აგრესიული ხდებოდა, მათ შორის ჩემ მიმართ, ამიტომ გავერიდე.

მას შემდეგ, რაც მუსიკა დასრულდა და ბარი დაიკეტა, მე და ჩემი შეყვარებულიც წამოვედით, თეთრ ხიდთან გადავედით და უეცრად ეს კაცი გამოჩნდა. პიგმენტური რეტინიტი მაქვს, ანუ ღამით თითქმის ვერ ვხედავ და დიდ ბრიტანეთში უსინათლოდ ვარ დარეგისტრირებული. ამიტომ თავიდან ვერ მივხვდი ვინ იყო, მაგრამ აშკარად მე მელოდებოდა, თან ახლდა მეგობარიც. მკლავში მომკიდა ხელი, ვცადე თავის დაღწევა. ამის შემდეგ დამიწყო ცემა, ძლიერად მირტყამდა და ძირს დავეცი. ვერ მივხვდი რა ხდებოდა და ვცდილობდი გამეაზრებინა. ამ დროს მისი მეგობარი ცდილობდა, რომ შეეჩერებინა. ჩემი შეყვარებული ყვიროდა გაიქეციო, ამ კაცს ქართულად და ინგლისურად სთხოვდა გავეშვი. თავი დავაღწიე და გავიქეცი, ჩემი შეყვარებული ცდილობდა შეეჩერებინა და უკან დავბრუნდი. ძალიან ვნერვიულობდი, რომ მისთვის რამე არ დაეშავებინა, კარგად ვერაფერს ვხედავდი და ჩემს შეყვარებულს ვეძახდი, რომ გამოქცეულიყო. მომიახლოვდა ისევ ის კაცი, ძლიერად დამარტყა თავში, სახეში. ვთხოვდი გაჩერებულიყო, მაგრამ მაინც მცემდა. ცემის დროს დავკარგე სათვალე და ქოლგა. შემდეგ ჩემმა შეყვარებულმა დაიჭირა და შეაჩერა, გავიქეცი და ვცადე დახმარების გამოძახება. სტრესის გამო ქართული პოლიციის ნომერი არ მახსოვდა და ინგლისის სასწრაფო დახმარების ნომერზე ვრეკავდი“, – ყვება ის.

მისივე თქმით, მიმავალ მანქანებს აჩერებდა და მძღოლებს სთხოვდა დახმარებას, თუმცა პირველივე ტაქსიმ, რომელსაც მგზავრებიც ჰყავდა, უარი უთხრა წაყვანაზეც და სასწრაფოს გამოძახებაზეც.

„შემდეგ ერთი მანქანა გავაჩერე, ვცდილობდი თავი გამეკონტროლებინა, რათა ის ადამიანიც არ შემეშინებინა. გლოვოს მძღოლი იყო, ავუხსენი რაც მოხდა და დამეხმარა. ჯერ შეკვეთა მიიტანა, შემდეგ კი იმ სასტუმროში წაგვიყვანა, სადაც ღამით ვრჩებოდით. ამ ადამიანს ფული მივეცით და მადლობა გადავუხადეთ. კარები დავკეტეთ, ძალიან შეშინებულები ვიყავით, ვიტირეთ და ტკივილი მაწუხებდა. ტუჩი მაქვს გახეთქილი, დაზიანებები მაქვს თავზე, ყურიდან სისხლი წამომივიდა ცემისას. ჭამისას და ლაპარაკისას მტკივა ყბა, თუმცა სერიოზული დაზიანებები არ მაქვს“, – ამბობს ის.

27 წლის ბიჭი ყვება, რომ შემთხვევა 13 იანვრის ღამეს მოხდა, მეორე დღეს პოლიციაში წავიდა და განცხადება დაწერა. მისი თქმით, ქუჩის სათვალთვალო კამერებში თავდასხმა ჩანს, თუმცა პოლიციამ უთხრა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად საჭიროა ამოცნობა. ის ამბობს, რომ პოლიცია ცდილობდა დახმარებას. ხვალ, 17 იანვარს ადვოკატთან შეხვედრასაც აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები