თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ ემართებათ ყველაზე ხშირად კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შიდა ჰოსპიტალური ინფექციები.
ცერცვაძემ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ განცხადებაზე “პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„ყველაზე მეტი გაუგებრობა და ყველაზე არასაჭირო ინსინუაციები გამოიწვია ეკატერინე ტიკარაძისა განცხადებამ. ქალბატონმა მინისტრმა სწორად ბრძანა, კონსტანტაცია სწორად მოახდინა. ერთადერთი, რასაც ჩემი კოლეგები ამბობენ და ვიზიარებ, ეს იყო წმინდა პროფესიული საკითხი, რომელიც ექიმებთან უნდა გაჟღერებულიყო და არა მოსახლეობასთან. მოსახლეობამ არ იცის და შესაძლოა მცდარად აღიქვას, ამას კი მოჰყვეს ან გულწრფელი ან გამიზნული ინსინუაციები. შიდა ჰოსპიტალური ინფექციები არის ის სიტუაცია, როცა პაციენტი ნებისმიერი დიაგნოზით შედის კლინიკაში და კლინიკაში, სამწუხაროდ, ცირკულირებს გარკვეული ბაქტერიული ინფექციები, განსაკუთრებით რეანიმაციულ განყოფილებებში და ამ პაციენტს [დაემართება]. ეს იშვიათია, მაგრამ შეიძლება ის დაინფიცირდეს. შემდეგ მას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, რომელიც ხან არის წარმატებული, ხან არა. ეს მსოფლიოს პრობლემაა; არ არსებობს სამეფო კლინიკებიც კი, სადაც ეს პრობლემა არ არის.
ძნელია ამოძირკვა ბაქტერიების, განსაკუთრებით რეანიმაციიდან, სადაც ხდება ინტუბაცია, ინვაზიური ჩარევები. ეს მსუყე ნიადაგია იმისთვის, რომ ბაქტერია გაჩნდეს და გამრავლდეს. ამას სჭირდება ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ახალი ნაგებობები, ახლადგარემონტებული ოთახები, ძალიან კარგი ვენტილაციის და სტერილიზაციის სისტემა. ერთჯერადი ინსტრუმენტები და ბევრი რამ. ეს კომპლექსური ამბავია. საქართველოში ამას ცდილობენ, ნაწილობრივ აკეთებენ, მაგრამ სრულად მიღწევადი არ არის. ეს საკითხი აქტუალურია ინსულტიანებში, ონკოლოგიურ ავადმყოფებში, ინფარქტიანებში, ნებისმიერ ავადმყოფებში, მაგრამ ასევე კოვიდიან ავადმყოფებშიც, თუმცა, კოვიდიანები სხვაზე ხშირად ხვდებიან რეანიმაციებში, სადაც სხვა განყოფილებებზე მეტადაა ეს შიდა ჰოსპიტალური ინფექციები, ამიტომ ალბათობა, რომ ინტუბირებულ კოვიდავადმყოფებს ეს ინფექცია დაემართოთ, მეტია. ამის აღმოფხვრას სამინისტრო ცდილობს და ყველა ახალი მინისტრის ამოცანა ესაა და ამის აღმოფხვრა ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება. კოვიდის პანდემიას ეს ვერ მოუსწრებს, ეს წლების განმავლობაში, ეტაპობრივად უნდა მოხდეს. აბსოლუტურად აღმოფხვრილი ეს პრობლემა მსოფლიოს არცერთ კლინიკაში არა, ოღონდ ზოგან მეტია, ზოგან ნაკლები. მე ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში ჩვენი დონის ქვეყნებთან შედარებით სხვაზე მეტია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის ახლა უკვე ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2021 წლის 26 დეკემბერს, სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში ლეტალობის გამომწვევი მიზეზი არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება.