LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის – რა სახელდება პოსტის დატოვების მიზეზად

5316
ლევან წულაძე - ჭოლა

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და შესაბამისად, ამ პოზიციაზე ხელახალი კონკურსის საფუძველზე უნდა დაინიშნოს.

ხელშეკრულებები სხვა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებსაც ამოეწურათ, თუმცა რიგ შემთხვევებში, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მისი დისკრეციული უფლება გამოიყენა და მათ ვადა გაუხანგრძლივა. მაგალითად, ასეთი იყო: ჩრდილების თეატრი, გაბრიაძისა და გრიბოედოვის თეატრები.

თავად წულუკიანმა კი ლევან წულაძეზე საუბრისას თქვა, რომ მას კონტრაქტის ვადა გაუვიდა და შეუძლია კონკურსში მონაწილეობა ხელახლა მიიღოს.

როგორც „ფორტუნას“ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკა მაზმიშვილმა განუცხადა, კულტურის სამინისტრომ უმეტეს შემთხვევაში, თეატრებს საკონკურსო ვადა 6 თვით გაუხანგრძლივა.

„ძალიან ბევრი თეატრია, სადაც კონკურსის სახით ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი დაინიშნება. დაახლოებით 38 თეატრია საქართველოში, მინისტმა ეს ვადები 6 თვით გააგრძელა და წინასწარ გვითხრა, რომ 6 თვის დასრულების შემდეგ, კონკურსი გამოცხადდებოდა.

ჩვენ ამ კონკურსში პირველად არ ვართ, კონკურსი 2006 წლიდან იყო დაწყებული და დღემდე, 4 წელიწადში ერთხელ, სამხატვრო ხელმძღვანელს კონტრაქტის ვადა გასდის და შემდეგ კონკურსის წესით, ხელახლა ინიშნება. საამისოდ კი საკონკურსო დოკუმენტაცია შეგვაქვს“, – განუცხადა „ფორტუნას“ ეკა მაზმიშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რატომ არ გამოიყენა მინისტრმა მისი დისკრეციის უფლება, მათ შორის, მარჯანიშვილის თეატრზეც, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა გვიპასუხა: უმეტესი თეატრების შემთხვევაში, არ გამოიყენა. არ მგონია, ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის არ წარმოადგენს.

ხოლო დასმულ კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ეს გადაწყვეტილება ლევან წულაძის პოლიტიკურ ინტერესებსა და სიმპათიებს უკავშირდებოდეს, ეკა მაზმიშვილმა გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია მცდარია.

„ბატონ ლევანს პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნია, ბატონი ლევანის ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ თეატრი და სამშობლოა, ეს აზრი სიმართლეს არ შეესაბამება“, – გვითხრა ეკა მაზმიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები