რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა, თუმცა მისი თქმით, ის ციხეში არ შეუშვეს.
ყიფშიძემ მედიის საშუალებით სააკაშვილს მიმართა და მოუწოდა, რომ ცოტა ხანს კიდევ მოიცადოს და შიმშილობასთან დაკავშირებით წაყენებული ულტიმატუმის დღე გადადოს:
“დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ ნახვის საშუალება მოეცათ, იქნებ გადაეფიქრებინა ამ უკიდურესი ფორმის, შიმშილობის დაწყება, მაგრამ არ მოხერხდა. ხვალ, დილით კიდევ შევეცდები მოვიდე. თუ გვისმენს მიშა, ვეტყოდი: მიშა, კიდევ ცოტა ხანი მოიცადე. ექიმები ადრე თუ გვიან შენთან შემოვლენ და თუ შეიძლება, გადადე შენი ულტიმატუმის დღე”, – აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ორი მოთხოვნა აქვს: მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფის შესვლა და კომუნიკაციის სრულყოფილად აღდგენა.
“ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მივიღებთ ორ შედეგს: პირველი გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეუქცევადად გაუარესდება და შეიძლება, მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა და მეორე, თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის უფლებების შელახვა, ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას”, – თქვა სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
2 მოთხოვნა აქვს – ადვოკატის ცნობით, სააკაშვილმა 6 იანვრამდე ახალი ულტიმატუმი წამოაყენა