პარტია „დროა“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამერიკის საელჩოს შესახებ განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ამ დამოკიდებულების ზიანი იმაზე დიდია, ვიდრე მხოლოდ ქვეყნის იმიჯის შელახვა.
პარტიის მოსაზრებით, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ დაესხა თავს საქართველოს მთავარ პარტნიორებს და განაცხადა, რომ მათი განცხადებები „არყევს ქართული საზოგადოებს ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ“, რასაც მმართველი პარტია „არ დაუშვებს.“
როგორც „დროაში“ ამბობენ, მსგავსი რიტორიკა ძალიან ჰგავს რუსული სტილის „სუვერენული დემოკრატიის“ მოდელს, რომელიც სახელმწიფოების მხრიდან ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის დამახინჯებულ გაგებას გულისხმობს და გზას უხსნის ავტორიტარიზმს.“
„განგაშის ზარი უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის საელჩოს 3 იანვრის განცხადება, რომელშიც საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისთვის ძირის გამოთხრასა და სასამართლო სისტემის შესუსტებაში ამხილა.
ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ღიად აღნიშნა, რომ დემოკრატიაზე ამგვარი დარტყმები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის აშორებს და დაუცველს ხდის რუსული საფრთხეების წინაშე,“ – აცხადებენ პარტიაში.
მათივე შეფასებით, ამ ფონზე, ირაკლი კობახიძის მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმა მიმდინარე გეოპოლიტიკური ტენდენციებისაგან ჩამოშორების გეგმაზომიერი ნაწილია.
„საქართველოს მომავლის განმსაზღვრელ შეხვედრებში მთავრობის წევრები არათუ არ მონაწილეობენ, არამედ ხშირად მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ შესაბამისი უწყებები განცხადებებსაც კი არ ავრცელებენ.
პარტია „დროა“ მიიჩნევს, რომ ქვეყანას არ აქვს საერთაშორისო მოვლენებისაგან დისტანცირების ფუფუნება. ამიტომ, რადგანაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინტერესების საერთაშორისო ლობირებაში პასიურია, საქართველოს დასავლურ ბანაკში დასარჩენად, ანუ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სუვერენიტეტის გადასარჩენად, სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის ინიციატივა ხელში პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა აიღოს.
პარტია „დროა“ პროდასავლურ კოალიციასთან ერთად აქტიურად იმუშავებს, რათა ერთად წარვადგინოთ საქართველო და კიდევ ერთხელ ცხადვყოთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი.“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მამუკა ხაზარაძე: “ამხანაგი კობახიძის” ანტიდასავლური განცხადებები რუსეთის წახალისებაა”