საფრანგეთის პრეზიდენტს პანდემიასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია აქვს. საქმე ისაა, რომ ემანუელ მაკრონი აპირებს ქვეყნის არავაქცინირებული მოქალაქეებს გარკვეული “დაბრკოლება” შეუქმნას.
როგორც BBC წერს, პრეზიდენტმა გუშინ, გაზეთ Le Parisien-თან მიცემულ ინტერვიუში გააფრთხილა მოსახლეობა, რომ საფრანგეთში ცხოვრება გაართულოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კოვიდვაქცინა არ აქვთ გაკეთებული.
“მე ნამდვილად მინდა მათი შეწუხება და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას – ბოლომდე”, – ამბობს მაკრონი.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციას იძულებითს არ გახდის, მაინც სურს, რომ ადამიანების აცრისკენ წახალისება მათი ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვის ხარჯზე მოხდეს.
“მე არ გავგზავნი არავაქცინირებულ ადამიანებს ციხეში. მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ 15 იანვრიდან ვეღარ შეძლებთ რესტორანში წასვლას, ვეღარ შეძლებთ ყავის დასალევად, თეატრში, კინოში წასვლას”, – თქვა მაკრონიმ.
მაკრონის განცხადებას პრეზიდენტის ოპონენტები კრიტიკულად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ის ენა, რომლითაც მან ინტერვიუში ისაუბრა, არ იყო პრეზიდენტის შესაფერისი.
შეგახსენებთ, 16 დეკემბერს მაკრონიმ განაცხადა, რომ, შესაძლოა, საფრანგეთში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.
ამ ეტაპზე საფრანგეთის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო ბარათის მისაღებად ტესტის პასუხი აღარ იქნება საკმარისი და მას მხოლოდ აცრილები მიიღებენ.
გუშინ საფრანგეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს.