LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდერს ფოგ რასმუსენი: არ შეიძლება NATO-ს ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა, როდესაც კარისკაცი პუტინია

123
პუტინი და რასმუსენი

„ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს მოუწოდებს, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რათა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, რომ საქართველო  და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, შესრულდეს“, – ამის შესახებ ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის წერილში, რომელიც გამოცემა პოლიტიკოში გამოქვეყნდა.

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსმა არავითარ შემთხვევაში და არც ერთი პირობით არ უნდა გასცეს რაიმე სახის გარანტია, ალიანსის მომავალ გაფართოებასთან დაკავშირებით.

„რუსეთს უკვე აქვს მოწერილი ხელი 1999 წლის ეუთო-ს ქარტიაზე, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ „ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს უფლება, თავად აირჩიოს და შეცვალოს უსაფრთხოების ზომები, მათ შორის, ალიანსების შეთანხმებები.

ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლო უნდა მოვუღოთ უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე დადებულ დე ფაქტო ვეტოს, რასაც მან ამ ქვეყნებში კონფლიქტების გაღვივებით მიაღწია. კონფლიქტებისა, რომელთა ინტენსივობასაც პუტინი საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით ზრდის ან ამცირებს,“ – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

მისივე წერილის თანახმად, აშშ საქართველოსა და უკრაინას  ნატო-ს მაგიდასთან ადგილს დაჰპირდა და ახლა დროა, მივიღოთ სამოქმედო გეგმა, რათა დაპირება შესრულდეს.

„თუ საჭიროა, ეს შეიძლება გავაკეთოთ იმ პირობით, რომ ნატო-ს მეხუთე მუხლი ფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიებს, რომელსაც თბილისი და კიევი აკონტროლებენ. თუმცა ერთი ცხადია, ნატო-ს არ შეიძლება ჰქონდეს ღია კარის ისეთი პოლიტიკა, როდესაც კარისკაცი პუტინია“, – განაცხადა რასმუსენმა.

ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, უკრაინელები მზად იქნებიან, იბრძოლონ თავისუფლებისთვის.

„არავის შეგეპაროთ ეჭვი, რომ ეს იქნება ბრძოლა ჩვენი, ევროპის თავისუფლებისთვის, რადგან ისტორიამ გვასწავლოს, რომ აგრესორები მხოლოდ სამეზობლოში არ რჩებიან“, – განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, თუმცა ეს არ შეიძლება ხდებოდეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთს იარაღი აქვთ მობჯენილი.

„თუ ჩვენ უკან დავიხევთ, ეს იქნება გზავნილი, რომელსაც გაიგებენ, როგორც ჩვენზე დამოკიდებული დემოკრატიები, ისე ავტოკრატები, რომლებსაც ჩვენი თავისუფლების ეშინიათ“, – წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.