LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხო ენების გამოცდაში აბიტურიენტების 6,2% ჩაიჭრა

92

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს უცხო ენების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. პირველადი მონაცემებით, გამოცდის მაქსიმალური 90 ქულა რეკორდულად მაღალმა 109 აბიტურიენტმა აიღო, ხოლო 6,2% კი ჩაიჭრა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენის ჯგუფის ხელმძღვანელის რუსუდან ტყემალაძის შეფასებით, როგორც ჩაჭრილების, ასევე უმაღლესი ქულების ამღებთა ორივე შედეგი წინა წელთან შედარებით მაღალია

„უმაღლესი 90 ქულა აიღო 109 აბიტურიენტმა, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ თემის წერის ნაწილში, რომელიც ტრადიციულად უჭირთ აბიტურიენტებს, მაქსიმალური 16 ქულა აიღეს და სხვა საკითხებიც შეცდომის გარეშე დაძლიეს. შარშანდელთან შედარებით, წელს უფრო მეტია 90 ქულის მქონე აბიტურიენტთა რაოდენობა, თუმცა ამავე დროს ასევე შარშანდელთან შედარებით ოდნავ უფრო მეტია ჩაჭრილთა რაოდენობაც, უცნაურია, მაგრამ წელს ასეთი რადიკალიზმი გვაქვს,” – განაცხადა რუსუდან ტყემალაძემ.

ამასთან, რუსუდან ტყემალაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ სკალირების შემდეგ ჩაჭრილთა პროცენტულმა მაჩვენებელმა დაიკლოს.

„ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ინგლისურის ოთხივე ვარიანტში, რომელიმე ოდნავ რთული აღმოჩნდა. მოხდება ვარიანტების სკალირება და დადგინდება თითოეული ვარიანტის სირთულის დონე. სკალირების პროცესი საკმაოდ ფაქიზი ანალიზია, რომელიც ადასტურებს, რომელი ვარიანტი იყო, ან ოდნავ რთული ან ოდნავ მარტივი და ამის მიხედვით შეიძლება გამსვლელი ქულა რამდენიმე აბიტურიენტს ერთით მოემატოს. ამის შედეგად 6,2 პროცენტი ოდნავ ალბათ დაიკლებს, მაგრამ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ის შეიძლება გახდეს 5%.“

უცხო ენების გამოცდის რთული ვარიანტი სააპელაციო განხილვების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მას შემდეგ, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა საგნის შედეგს გამოაცხადებს, დაიწყება სააპელაციო განაცხადის წარდგენის ხუთდღიანი პერიოდი. ამის შემდეგ კომისია განიხილავს განაცხადებს. შემდეგ კი დადგინდება უცხო ენის გამოცდის რთული ვარიანტიც.

გარდა ამისა, გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენის ჯგუფის ხელმძღვანელის, რუსუდან ტყემალაძის განცხადებით, გამოცდის ბარიერი არ დაიწევს და ის კვლავ 19 ქულა დარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები