რატი დურგლიშვილმა ბოლო ხუთი თვე ლოს ანჯელესში გაატარა. მომღერალი ახლახან დაბრუნდა საქართველოში და „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან მოენატრა თავისი ქვეყანა. დიდხანს ვერსად ძლებს, თუმცა აპირებს, აშშ-ში სასწავლებლად წავიდეს და იცის, რომ აუცილებლად შეიპყრობს ნოსტალგია.
რატი დურგლიშვილი:
აშშ-ში, კერძოდ, ლოს ანჯელეში, ხუთი თვე გავატარე. ძალიან დიდი ინფორმაცია მივიღე, განსაკუთრებით მუსიკლაური კუთხით. ვეწვიე ხმის ჩამწერ სტუდიებს, მათ შორის „იუნივერსალსა“ და „კაპიტალ რეკორდს“, დავესწარი საინტერესო არტისტების ლაივპერფორმანებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ მაღალ დონეზეა განვითარებული შოუბიზნესი აშშ-ში.
მინდა, იქ სასწავლებლად წავიდე. აუდიოპროდიუსერის ფაკულტეტზე ვგეგმავ ჩაბარებას ლოს ანჯელესის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში. უკვე ვიყავი და პირობებიც გავიგე. არის წელიწადნახევრიანი და სამწლიანი კურსები. მაინტერესებდა, რა განსხვავება იყო მათ შორის და ამიხსნეს, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია, ვინ როგორ დაძლევს შეთავაზებულ პროგრამას. ჯერჯერობით ვფიქრობ წასვლაზე, არ გადამიწყვეტია. ზოგადად, აუდიოპროდიუსინგი, არანჟირება და ბალანსი საინტერესო საქმეა და ეს ინსტიტუტიც ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა.
ხუთი თვე ლოს ანჯელესში რას აკეთებდი?
სხვათა შორის, არ არის დიდი დრო. დავრწმუნდი, რომ მეგაპოლისები დიდად არ მიყვარს და მაშინებს. მეოთხე თვეს ავუწყვე ფეხი იქაურ ცხოვრებას და ბევრი რამ დავგეგმე ამ დროში და მოავსწარი, ბევრიც ვერ მოვასწარი. საკმაოდ რთულია იქ თავის დამკვირდრება. ზოგადად, მოგზაურობა, ახალი ხალხის და კულტურის გაცნობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ბოლომდე დათვლიერება ვერ მოვასწარი. დრო უფრო სწრაფად გარბის, ვიდრე საქართველოში. რამდენიმე საათი გჭირდება, ერთი ადგილიდან მეორემდე რომ მიაღწიო. თანაც, ძალიან მომენატრა საქართველო, დღეებს ვითვლიდი, სანამ ჩამოვიდოდი და ახლახან რომ დავბრუნდი, ძალიან ბედნიერი ვარ, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ვნახულობ, ჯერ აკლიმატიზაციის პერიოდს გავდივარ.
საქმიანი კუთხით რაიმე შეთავაზება ხომ არ გქონდა?
„კაპიტალ რეკორდსთან“ მოლაპარაკებები მქონდა, მაინტერესებდა მათი პირობები. გარდა ამისა, მინდოდა იმავე გუნდთან მემუშავა, რომელმაც ჩემი ორი წინა კლიპი გადაიღო, მაგრამ მომიბოდიშეს, ძალიან დაკავებულები იყვნენ. „ბექ სთრით ბოისის“ ახალ პროექტზე მუშაობდნენ, სხვათა შორის, ზუსტად ის გოგო გადაიღეს, რომელიც ჩემს კლიპშია. ახალი ჯგუფი გავიცანი და უამრავი კონტაქტი დავამყარე, რომელიც შემდგომში ძალიან დამჭირდება. მაქვს გეგმები და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, რადგან ახალი ჩამოსული ვარ. ზოგადად, სხვა ქვეყანაში მუშაობას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, სიმღერაზე – რამდენიმე თვე, ხოლო კლიპზე კიდევ რამდენიმე თვე და ფაქტობროვად, ერთი ასეთი პროექტის გაკეთებას შესაძლოა, ერთი წელიწადიც კი დასჭირდეს. იქ სრულიად სხვა, პროფესიონალური მიდგომები აქვთ და უპირატესობა ხარისხს ენიჭება. ვფიქრობ, ბევრი ისეთი რამ გავიგე, რასაც ჩემს ქვეყანაში მაქსიმალურად გამოვიყენებ. დავდიოდი კლუბებში, კონცერტებზე, დიჯეების სეტებზე, სხვათა შორის, ყველა მათგანი საქართველოშია ნამყოფი (იღიმის) და ვნახულობდი, როგორი ხარისხით კეთდებოდა ყველაფერი. ცრემლები მადგებოდა, იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებდი ლაივპერფორმანსების დროს. მინდოდა კოაჩელას ფესტივცალზე დასწრება, მაგრამ ბილეთების აღება დაგვიანებული აღმოჩნდა. ახლა ჩემი მეგობრები ლას ვეგასში მიდიან გრანდიოზულ შოუზე, სადაც ვარსკვლავები გამოდიან, ოქტომბერშია და იმედი მაქვს, მეც გავემგზავრები, რადგან ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს.
ნინო მურღულია