ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ერთ კვირაში(20-26 დეკემბერი) მსოფლიოში COVID-19-ით გამომწვევი ინფიცირების 4 985 093 შემთხვევა აღირიცხა, რაც წინა კვირასთან შედარებით 11%-ით მეტია. კვირის განმავლობაში, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 44 680 ადამიანი. წინა, 7-დღიან პერიოდთან შედარებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4%-ითაა შემცირებული.
WHO-ს ინფორმაციით, მსოფლიოს რეგიონების მიხედვით, გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა ყველგან, აფრიკის(+72%) და ამერიკის(+7) გარდა.
ამავე მონაცემების თანახმად, გასულ ერთ კვირაში, წინა შვიდ დღესთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 39%-ით გაიზარდა ამერიკაში, 7%-ით აფრიკაში და 3%-ით ევროპაში. მსოფლიოს სხვა რეგიონებში ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებული იყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონის“ გავრცელებით გამოწვეული საერთო რისკი ისევ ძალიან მაღალია, რადგან ეს სახეობა „დელტა“-სთან შედარებით, 2-3 დღეში ორჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება. იმ ქვეყნებში, სადაც „ომიკრონი“ უკვე დომინანტი ვარიანტია, მათ შორის, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, დაავადების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება, თუმცა, სამხრეთ აფრიკაში, სადაც „ომიკრონი“ პირველად აღმოაჩინეს ნოემბრის შუა რიცხვებში, ინფიცირების შემთხვევების კლება შეინიშნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სამხრეთ აფრიკის, დიდი ბრიტანეთის და დანიის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ „ომიკრონ“-ით ინფიცირებულები „დელტა“-სთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის ნაკლები საფრთხის წინაშე არიან.