LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თხილი გადარჩა, რიგში სიმინდია – როგორ ვიცხოვროთ ფაროსანასთან ერთად

326

ფაროსანა – აგერ უკვე ორი წელია ყველამ იცის. ფაროსანა ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. სოცქსელებში უამრავი ვიდეო გავრცელებულა თუ როგორ მრავლდებიან, როგორ დაცოცავენ, რამდენი არიან და როგორ ნერვებს უშლიან ყველას. მოსახლეობა შარშან ძალიან შეწუხდა და დაზარალდა. ასეთ დროს ბუნებრივია, თითს ყველა სახელმწიფოსკენ იშვერს. სახელმწიფომაც საქმეს მიხედა და შედეგიც მიიღო.

მონიტორინგის სისტემამ, კვლევამ, თანამედროვე სისტემების დანერგვამ, შესაბამისმა ტექნიკის გამოყენებამ, ევროკავშირისა და USAID-ის დახმარებამ, ჩატარებულმა სამუშაოებმა თავისი ქნა და დღეს ფაროსანა თავს ისე კომფორტულად ვეღარ გრძნობს, როგორც უწინ.

 

ფაროსანას სრული განადგურება შეუძლებელია. მთავარი ამოცანაა მავნებლის პოპულაციის კონტროლი და მართვა. ოღონდ საამისოდ აუცილებელია მოსახლეობის აქტიური ჩართვა, რომ მათ საკუთარ კარ-მიდამოში გაანადგურონ მავნებელი და გამრავლების საშუალება არ მისცენ.

 

ფაროსანა საბოლოოდ არ განადგურდება. უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრობა მასთან ერთად. შარშან ფაროსანას მივყვებოდით, სადაც ვრცელდებოდა და ისე ვანადგურებდით. წელს კი ვიცით სად და როგორ უნდა დავხვდეთ. ვვარაუდობთ, რომ სიმინდზე გადავა და ამისათვის მზად ვართ“, – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.

 

გლეხების მთავარი სატკივარი მაინც თხილის ფასია. ამჟამად ჯერ მხოლოდ 2 ლარია. შარშან კი, როცა ფაროსანა უფრო იყო მოდებული, ამავე პერიოდში 4-4.5 ლარი ღირდა. ეს მსოფლიო ბაზრის ფასზეც არის დამოკიდებული.
ოფიციალურად კი საბაზრო ფასი მსოფლიო ბაზარზე დაფიქსირებული ჯერ არ არის, თუმცა მალე გახდება ცნობილი. ვარაუდობენ, რომ გაცილებით უფრო მეტი ეღირება თხილი, ვიდრე ახლა ღირს.

 

გლეხებისადმი მთავარი რეკომენდაციაა: დაიწყონ მოსავლის აღება.

 

გიორგი თოდუა – საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი:
შეხვედრები გვაქვს ასოციაციის წევრი ფერმერების ჯგუფის ლიდერებთან, ვსაუბრობთ ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურ თემაზე – ეს გახლავთ მოსავლის აღება. ფაქტია, რომ იმ ფერმერებმა, რომლებმაც გაითვალისწინეს რეკომენდაციები და რჩევები, იგივე წამლობასთან, თხილის მოვლასთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, მათ აქვთ კარგი შედეგი, თუმცა ახლა აუცილებელია, დროულად მოვახდინოთ მოსავლის შეგროვება, ასევე შრობა და აუცილებლობის შემთხვევაში კვალიფიციურად მოხდეს თხილის დასაწყობება.

 

შეწამვლა საღამოს საათებში მიმდინარეობს. ბუნებრივია მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ. შეწამვლას უკუჩვენება არ აქვს და სხვას, თუნდაც შინაურ ფრინველებს, არ აზიანებს.

 

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მთავარია მოსახლეობის მხარდაჭერა, მათი ობიექტური ინფორმირება და რომ ხალხმაც განახორციელოს შესაბამისი შეწამვლითი ღონისძიებები.

გიორგი თოდუა: “ჩავატარეთ იმ ფერმერების მოსავლის კვლევა, რომლებმაც განახორციელეს წამლობა და მოუარეს თხილის ბაღებს. გავარკვიეთ მოსავლის შედეგიანობა, რაოდენობა, ხარისხი. ასევე დათვლილი გვაქვს იმ ფერმერების, რომლებსაც არ აქვთ მოვლილი ბაღები. ძალიან დიდი განსხვავებაა, ხარისხში და ასევე რაოდენობაში”.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოში მედიატური მოეწყო.


სამდღიანი ტურის ფარგლებში, ჟურნალისტები ესტუმრნენ აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბს. დაათვალიერეს მავნებელთან ბრძოლის ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა.

ჟურნალისტები მეთხილეთა ასოციაციაში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და მოისმინეს ინფორმაცია დარგში არსებულ ვითარებაზე. ფერმერებმა ხაზგასმით აღინიშნეს, რომ აზიური ფაროსანას გავრცელება წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

 

მერაბი შამუგია – ფერმერი:
შარშანდელთან შედარებაც არ არის. მთავარი შეწამვლაა, მოსახლეობაც აქტიურად უნდა ჩაერთოს. მე მტვერსასრუტით გამქონდა ხოლმე, სხვენზეც ვწამვლავდი. თუ ვინმემ დაიზირა, ასე არ გამოვა. წელს ფაროსანა ფაქტობრივად აღარ არის.

გულადი ესებუა – ფერმერი, ასოციაციის წევრი:
ავადასახსენებლი საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, რომ ყველაფერი სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ამას უნდა გადავეჩვიოთ. მეტი რა ქნას სახელმწიფომ? ისე, მთავარი პრობლემა უფულობაა. მე დღეს 10 მუშა ვიქირავე, 30 ლარს ვუხდი, საღამოს 300 ლარი უნდა მივცე. ვისაც არ აქვს, დარჩება ისე.
პრობლემაა მიუდგომელი ადგილებიც, ზოგან ტექნიკა ვერ მიდის და ასეთ ადგილებში ბუნებრივია პრობლემა უფრო მეტადაა.

 

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული ანჯელის მასივის საყანე ფართობებში მიმდინარე მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაათვალიერეს.

 

ზურაბ ჩეკურაშვილი – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი:
„აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით მიმდინარეობს. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა აქტიური საინფორმაციო კამპანია და საზოგადოების ინფორმირებულობა. სისტემური და ორგანიზებული მუშაობის შედეგია, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, გვაქვს ხელშესახები შედეგი და მავნებლის პოპულაცია შემცირებულია. ჩვენ ვაგრძელებთ კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს აქტიურ მონიტორინგს, შეწამვლით სამუშაოებს და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას“.

ქვეყნის ტერიტორიაზე (მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში), დამონტაჟებულია 9 ათასამდე მონიტორინგის სისტემა. მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და კვლავაც სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის ტერიტორიაზე ფიქსირდება.

 

აზიური ფაროსანა საქართველოში 2016 წლის ზაფხულის ბოლოდან გავრცელდა.
ფაროსანა ჩვენთან სოჭის ოლიმპიადიდან წამოვიდა, სადაც ჩინეთიდან შეზიდულ ხე-ტყეს შეყვა.

2017 წლის მარტიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.
შეიქმნა მონიტორინგის სისტემა;
351 სოფელში განთავსდა 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი – ფერომონი;

ქიმიური წამლობა პირველ ეტაპზე თხილის ნარგავებში დაიგეგმა, შემდეგ სიმინდის ნათესებში;


გამოიყენეს ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც ყველაზე ეფექტურია;
სპეციალური ტექნიკით დამუშავდა 110 ათას ჰექტარზე მეტი;
230 ათას ოჯახს გადაეცა პრეპარატები და ფერომონები;
მოსახლეობაში გავრცელდა 700 ათასზე მეტი საინფორმაციო ბროშურა;
ფერმერებს დაეგზავნათ სმს გზავნილები მავნებლებთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით;
სოფლებში „კარდაკარ“ პრინციპით ჩატარდა საინფორმაციო კამპანია.

 

2018 წლის სტრატეგია წინა წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით და მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა.
აბაშის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემების ელექტრონული ბაზა, შედეგები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და ანალიზის შედეგად იგეგმება ღონისძიებები.
დღეისათვის დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 360 ათასამდე ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით – 13 ათასზე მეტი ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით (ცივი შესხურებით) – 27 ათასზე მეტი ჰექტარი.

მობილიზებული 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც შარშანდელთან შედარებით 10-ჯერ არის გაზრდილი.

 

მოკლედ, ახლა ასეა: სამეგრელო ფაროსანას ამარცხებს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები