“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან მოშიმშილეების სანახავად სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი, ექიმი ელენე გიორგაძე მივიდა.
გიორგაძე მასობრივი პროტესტის მონაწილეებს შეხვდა, მოგვიანერბით კი მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი შეფასებით, მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მან რეკომენდაცია გასცა, რომ ორმა მათგანმა შიმშილობა შეწყვიტოს:
“ზოგიერთ ადამიანთან გვჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან არის სხვა დაავადებები. შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ექიმები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. აქ ჰყავთ ექიმები და პაციენტები ყურადღების ქვეშ არიან, მათთან ერთად შევიმუშავეთ რეკომენდაციები. უნდა მივაწოდოთ ვიტამინები და მინერალები. მით უმეტეს, ზამთარია და მათ იმუნური სისტემა დასუსტებული აქვთ. სამ დღეში ერთხელ მოვალთ.
ორ ადამიანზე ვფიქრობთ, რომ სასურველია დღესვე შეწყვიტონ შიმშილი, მაგრამ ორივეგან უარი მივიღეთ. როგორც კი ნახავენ რომ თავს უარესად იგრძნობენ, თავადაც იციან, რომ შიმშილობა უნდა შეწყვიტონ. კიდევ 5 ადამიანზე მოხდება დაკვირვება და დრო გვიჩვენებს, საჭირო იქნება თუ არა რომ შიმშილობა შეწყვიტონ.” – თქვა გიორგაძემ.
შეგახსენებთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მასობრივი, უვადო შიმშილობა გამოაცხადა იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არ გათავისუფლდება.
პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, რაც უფრო მასობრივი იქნება და რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური.
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების შიმშილობის აქცია მეოთხე დღეა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე 12 კარავია გაშლილი.