კომპანია „კნიკი“ საბანკო ბარათის ფუნქციის მქონე ჭკვიანი ბეჭდით აშშ-ის ბაზარზე შესვლას გეგმავს. საკითხზე „ბიზნეს ფორმულასთან“ კომპანიის დამფუძნებელმა დავით კვიციანმა ისაუბრა და თქვა, რომ ამ მიზნით ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა დაწყებულია. ამასთან, მისივე ინფორმაციით, საგადამხდელო ფუნქციის მქონე ჭკვიანი ბეჭდები ევროპელი მომხმარებლებისთვის უკვე 3 თვეა ხელმისაწვდომია.
„პირველ რიგში ვგეგმავთ, რომ აქტიურები ვიყოთ გერმანიის ბაზარზე. თუმცა ჩვენს ქსელში დაინტეგრირებული ბანკები ოპერირებენ როგორც სკანდინავიის ქვეყნებში, შვედეთში, ფინეთში, ნორვეგიაში, ისე ბელგიასა და ევროპის 10-მდე სხვა ქვეყანაში. ამ ქსელს ვაფართოებთ და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ბანკი დავაინტეგრიროთ“,- აღნიშნა დავით კვიციანმა “ბიზნეს ფორმულას” ეთერში.
მისივე განმარტებით, ჭკვიან ბეჭედს, რომლის წარმოებაც კომპანიამ 4-5 წლის წინ დაიწყო, ეტაპობრივად ბევრი ახალი ფუნქცია დაემატება.