გომბორის უღელტეხილს წინა წლების მსგავსად, 2018 წელსაც არა ერთი ტრაგიკული და სისხლიანი ავტოავარია უკავშირდება. 9 ივნისს, თბილისის 175-ე სკოლის ბავშვებისთვის ექსკურსია ტრაგედიით დასრულდა, გომბორის გზის 50-ე კილომეტრზე ბავშვებით სავსე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მეექვსეკლასელი ბავშვი.
ინციდენტი გომბორზე ამ ტრაგედიამდეც მოხდა, 17 თებერვალს, „სოკარის“ ბენზინმზიდის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა, ფერდობიდან გადავარდა და აფეთქდა. მძღოლმა მანქანის დატოვება დროულად მოასწრო.
„ექსკურსიის ბავშვების“ ტრაგედიის შემდეგ, რამდენიმე დღეში, გომბორის გზის იგივე მონაკვეთზე მიკროავტობუსი, რომელსაც ბელარუსი ტურისტები გადაჰყავდა, ამობრუნდა. დაშავდა 10-მდე ადამიანი.
13 ივლისს გომბორის გზაზე საგზაო შემთხვევას ემსხვერპლა ერთი, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.
გზის ერთიდაიგივე მონაკვეთზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების გამოსავლენად „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ” ვაზიანი-გომბორი-თელავის გზა შეისწავლა. მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, არასაკმარისი და არსათანადოდ განთავსებული საგზაო ნიშნები, მცირე საპოლიციო და ვიდეო კონტროლი, მძღოლების მიერ „აგრესიული მართვა“, რასაც გზის სირთულე ემატება – ასეთია კვლევის შედეგები.
“გომბორის გზის შესწავლა მიმდინარეობდა, როგორც მზიანი, ასევე წვიმიანი და ნისლიანი ამინდის პირობებში. კვლევის პერიოდში დაფიქსირდა ბევრი საინტერესო და ამავდროულად, საგანგაშო შემთხვევა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო, მძღოლების მხრიდან ავტომობილის „აგრესიული მართვის“, მოსახვევებში მაღალი სიჩქარით შესვლის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გასწრების შემთხვევები. ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების სიმრავლე კი, ვიზუალურადაც თვალსაჩინო იყო. მძღოლები, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, თავს აშკარად თავისუფლად გრძნობდნენ, რადგან ამ ტერიტორიაზე სუსტია საპოლიციო კონტროლი. დამრღვევ მძღოლთა უმრავლესობა მოძრაობს მათ მიერვე მოფიქრებული საგზაო მოძრაობის წესებით. კვლევის პერიოდში, მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რაც არასაკმარისია, ქმნის დაუსჯელობის შეგრძნებას და ხელს უწყობს დამრღვევთა მომრავლებას,“ – წერია დასკვნაში.
გარდა სუბიექტური ფაქტორებისა, არასამთავრობო ორგანიზაცია გომბორის გზაზე არასწორ საგზაო მონიშვნებზე და კონტროლის არასაკმარის მექანიზმებზე მიუთითებს.
„საგზაო მონიშვნები ან მთლიანად წაშლილია ან აღარ აღიქმება, განსაკუთრებით ღამით და წვიმიან ამინდში. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს წყვეტილი ხაზით მონიშვნისა და გასწრების დაშვების რამდენიმე ფაქტი, გზის ზოგიერთ მონაკვეთზე. წყვეტილი ხაზი დახაზულია მკვეთრ-სახიფათო მოსახვევებში, ანუ საგზაო მონიშვნა გასწრების ნებას რთავს სატრანსპორტო საშუალებას იქ, სადაც საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავი ავტომობილი საერთოდ არ ჩანს 50-100 მეტრის დაშორებითაც კი. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ მზიან ამინდს, როდესაც ხილვადობა კარგია.
გომბორის გზის შესწავლის პროცესში ვერსად ვერ შევნიშნეთ ვიდეო კამერა. გზის რამდენიმე მონაკვეთი საჭიროებს, როგორც კამერის, ასევე რადარის განთავსებას. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ გზის ის მონაკვეთი, სადაც „ექსკურსიის ბავშვების“ სახელით ცნობილი ავარია მოხდა,“ – აღნიშნულია გომბორის გზის კვლევის დოკუმენტში.
ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ გომბორის გზაზე ავტოავარიები უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული, მაგრამ ჯარიმის გადახდის თავიდან არიდების გამო, არ ხდება პოლიციის გამოძახება და მძღოლები ერთმანეთში ახდენენ მორიგებას.
საავტომობილო სფეროს სპეციალისტების განმარტებით, ევროკავშირის პრაქტიკის მიხედვით, თუ 2 თვის განმავლობაში, გზის ერთსა და იმავე მონაკვეთზე ხდება თუნდაც 3 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, მას „შავი წერტილის“ სტატუსი ენიჭება. შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, გომბორის გზის განსაკუთრებით ერთ მონაკვეთს (50-ე კმ) აუცილებლად მიენიჭებოდა „შავი წერტილის“ სტატუსი, იგივე სტატუსს ერგება გომბორის გადასახვევიც.
ვაზიანი–გომბორი–თელავის გზის შესწავლის შემდეგ, ტრანსპორტისა და გზების ასოცოაცია შს და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს და კახეთის რაიონულ ადმინისტრაციას რეკომენდაციებით მიმართავს, მათ შორის:
- გომბორის გზის 50-ე კილომეტრი ჩაითვალოს „შავ წერტილად“, განთავსდეს კამერა და რადარი;
- თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის 27-ე კილომეტრი, წრიული მოძრაობა და გომბორის გადასახვევი დაპროექტდეს თავიდან, ექსპერტების ჩართულობით;
- აღდგენილ იქნას დაზიანებული გზის საფარი;
- მოეწყოს ჩიხი ავარიული სიტუაციის პრევენციისთვის;
- დამატებით განთავსდეს საგზაო ნიშნები (გომბორის გადასახვევიდან თელავამდე), განსაკუთრებით კი, „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ და „გასწრება აკრძალულია“.
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ დასკვნას უკვე იცნობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. როგორც უწყებაში “ფორტუნას” განუცხადეს, კვლევის ავტორებთან სამუშაო შეხვედრა შედგება და ის ხარვეზები, რომელიც კვლევაშია ასახული, ასევე სარეკომენდაციო ნაწილი, დეტალურად განიხელება.
“გავივლით ყველა საკითხს, რომლიც დასკვნაში არის ნახსენები. არის დეტალები, რომელსაც არ ვეთანხმებით, რა საკითხები გამოიკვეთება პრობლემური სამუშაო შეხვედრისას, შევჯერდებით,” – აცხადებენ უწყებაში.
შეხვედრა საავტომობილო გზების დეპარტამენტში მომავალ კვირას უნდა შედგეს. კონკრეტული გადაწყვეტილებები, გზის უსაფრთხოების გაზრდასთან დაკავშირებით, შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
თამუნა გოგუაძე