LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტსმენები ახალ რეგულაციებზე: ან ქვეყნიდან მომიწევს წასვლა ან სპორტიდან

606
cover (1)

დღეს, 20 დეკემბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ პრესკონფერენცია ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამართა.

სპორტსმენებმა და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმალურად გაზრდილი საგადასახადო წნეხის გამო, სათამაშო ბიზნესის სექტორს სპორტის სპონსორობაზე უარის თქმა მოუწევს, რაც სპორტის ბევრ სახეობას ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს და განვითარების პერსპექტივებს მოკლავს. სპორტსმენების განცხადებით, დიდი შანსია, ბევრ მათგანს პროფესიული სპორტისთვის თავის დანებება მოუწიოს.

ლევან საგინაშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი მკლავჭიდში):

„ჩემი აზრით, სათამაშო ბიზნესს თუ სპორტის დატოვება მოუწევს, ეს ამ სფეროსთვის დამღუპველი იქნება. ქართულ სპორტს ძირითადად სათამაშო ბიზნესი ასპონსორებს და პირადად ჩემზე შემიძლია ვთქვა, ამ უმკაცრესი რეგულაციების მიღების შემთხვევაში წასვლა ან სპორტიდან მომიწევს, ან ქვეყნიდან, რადგან სხვა სტაბილური შემოსავალი მე არ გამაჩნია. ყველას მივმართავ, რომ გაითვალისწინონ სპორტსმენების თხოვნა და ისეთი კანონი მიიღონ, რომ სპორტს ხელი შეეშალოს და სათამაშო ბიზნესს ამ სფეროს დაფინანსების ინტერესი დარჩეს“.

ლაშა ტალახაძე (ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ძალოსნობაში):

„ძალიან სამწუხარო ფაქტი იქნება, თუ რომელიმე სპორტსმენი ან კლუბი დაფინანსების გარეშე დარჩება. პირადად მე სათამაშო ბიზნესისაგან დიდ გვერდში დგომას ვგრძნობ, წარმატებები უფრო მიფასდება და არ მინდა, წარმატებული სპორტსმენები დაფინანსების გარეშე დარჩნენ. შესაძლოა, ასეთ ვითარებაში რამდენიმე სპორტსმენს საქართველოს დატოვებაც კი მოუწიოს“.

კონსტანტინე ჯანაშია (სთრონგმენი, ევროპისა და მსოფლიოს რეკორდსმენი):

„სპორტსმენებისთვის ნებისმიერი დახმარება უმნიშვნელოვანესია. ის გვიქმნის სათანადო ვარჯიშისა და შეჯიბრებებზე კარგად გამოსვლის საშუალებას. რასაკვირველია, რეგულაციები უნდა არსებობდეს, მაგრამ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შედეგად სპორტსმენებისთვის დაფინანსების შეწყვეტა არ უნდა მოიტანოს. ამ შემთხვევაში, ძალიან ცუდ ვითარებაში ჩავვარდებით. იმედი მაქვს, ისეთ რეგულაციებს მიიღებენ, რომ სათამაშო ბიზნესს სპორტის დაფინანსების რესურსები დარჩებათ“.

ნინო ოძელაშვილი (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამბოში):

„სპორტსმენებს, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და დიდი წარმატება აქვს, ხელფასს იღებს, თუმცა იმდენს არა, რამდენსაც ყველა სპორტსმენი იმსახურებს. სპორტს გვერდით სათამაშო ბიზნესი ედგა, დაფინანსების გარეშე კი ქართული სპორტი ვერ იარსებებს“.

რაულ თუთარაული (MMA მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, 28-6-0):

„სათამაშო ბიზნესი სპორტის დაფინანსებას თუ ვეღარ შეძლებს, დიდი პრობლემების წინაშე დავდგებით და სამომავლო გეგმებზე ფიქრიც გაგვიჭირდება. საქართველოში სპორტი დაფასებული არ არის და სათამაშო ბიზნესი გვერდით არა მხოლოდ MMA-ს, არამედ სხვა ბევრს სპორტს გვიდგას“.

გიორგი მამულაიშვილი (სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი):

„ბიზნესს სხვადასხვა სფეროში მსხვილი ინვესტირების შესაძლებლობა აღარ ექნება. ჩვენ ვაფინანსებდით როგორც დამწყებ, ისე წარმატებულ სპორტსმენებს, რომლებიც საქართველოს სახელით გამოდიან და ქვეყანას ასახელებენ. ჩვენი მხრიდან ამ ნაბიჯის მიზანი ზეწოლის მოხდენა არაა, არამედ ეს ოპტიმიზაციის ერთ-ერთი საშუალებაა, რათა კომპანიებმა ქართულ ბაზარზე არსებობა არ შეწყვიტონ. ამ კანონის მიღება არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სფეროს, არამედ მოსახლეობას დააზიანებს. თამაშის მსურველი ადამიანები არალეგალურ ბაზარზე გადავლენ და ნურავის შეექმნება ილუზია, რომ ამით რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება. მეზობელი ქვეყნების მაგალითები გვაქვს, რა შედეგი დააყენა აკრძალვებმა და რა დონეზე გაიზარდა კრიმინალი. ყველა სახელმწიფომ გაიაზრა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა საზიანოა. აშშ, უკრაინა, ბელარუსი – აკრძალვებიდან დაშვებებზე გადავიდა, ჩვენ კი, ფაქტობრივად, თეთრ ბაზარს ვაშავებთ.

ახლახან, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საკუთარი აზრი დააფიქსირა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, რომელმაც განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაცია სათამაშო ბიზნესის წყალობით ქვეყნის ბიუჯეტიდან ლარსაც არ იღებს: “პარტნიორების მოზიდვამ დააყენა ის შედეგი, რომ ფეხბურთის ფედერაცია ყოველ წელს ვამცირებდით სახელმწიფოს მხრიდან მიღებულ დაფინანსებას და 2021 წელს გავხდით ის ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოსაგან არაფერს იღებს, 7 მილიონი 0-მდე დავიყვანეთ და პირიქით, ბიუჯეტში ფულს ვიხდით და ძალიან არ მინდა, რომ წარსულში დავბრუნდეთ”.

შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციების დანერგვის თაობაზე. აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად (70%-მდე) გაზრდას, რეკლამირების (გარდა სპონსორობისა) სრულად აკრძალვას და მოთამაშეთა ასაკობრივი ქვედა ზღვრის 25 წლამდე გაზრდას. სათამაშო ბიზნესი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები