LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავის ცივი კოქტეილები ცხელი ზაფხულისთვის

1159

ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი, არ იტყვის არცერთი კოფემანი უარს საყვარელ სასმელზე მით უფრო მაშინ, როცა თავისუფლად შეიძლება უამრავი უგემრიელესი ცივი კოქტეილის მომზადება.

კლასიკური ცივი ფრაპე – ინგრედიენტები: ორმაგი ესპრესო, 100 მილილიტრი რძე, შაქრის ან შოკოლადის სიროფი, შოკოლადის ნატეხი, ყავის მარცვალი, ცოტა ყინული. მომზადების წესი – ერთმანეთში კარგად არეული ესპრესო, შაქრის (შოკოლადის) სიროფი და რძე ჩაასხით ჭიქაში წვრილად დაფხვნილი ყინულით, მორთეთ შოკოლადის ნატეხით და ყავის მარცვლებით.

შოკოლადისა და პიტნის სიამოვნება – ინგრედიენტები: 150 გრამი ახლად მოდუღებული ყავა, 100 გრამი შავი შოკოლადი, პიტნის სიროფი ან ლიქიორი, ნაღების ნაყინი. მომზადების წესი: გაადნეთ შოკოლადი ახლად მოდუღებულ ყავაში, გაცივების შემდეგ კი, დაუმატეთ  სიროფი და აურიეთ ბლენდერში. ჩაყარეთ ბოკალში წვრილად დაფხვნილი ყინული, დაასხით მომზადებული ნარევი, დაუმატეთ ნაყინი და მორთეთ შოკოლადის ნატეხით.

ბანანის ყავა ტკბილის მოყვარულთათვის – ინგრედიენტები: 350 მილილიტრი ყავა, 1 ბანანი, ცოტა დარიჩინი და გახეხილი შოკოლადი. მომზადების წესი: მოდუღებულ და გაცივებულ ყავას დაუმატეთ ნაყინი და ბანანის პიურე, მერე კი, ყველაფერი ბლენდერში ათქვიფეთ. ჩაყარეთ წიქაში დაფხვნილი ყინული, დაასხით ნარევი და მორთეთ შოკოლადის ნატეხით.

ფორთოხლის აფეთქება – ინგრედიენტები: 200 მილილიტრი ახლად მოდუღებული ყავა, 2 ფორთოხალი, შაქრის ფქვილი, ათქვეფილი ნაღები, ორცხობილას ნატეხი, თხილი. მომზადების წესი: ჩაყარეთ პატარა ქვაბში ფორთოხლის ცედრა და შაქრის ფქვილი, დაასხით ერთი ჭიქა წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი, მიღებული სიროფი კი გააცივეთ. ახლადმოდუღებულ და გაცივებულ ყავას დაუმატეთ ფორთოხლის წვენი, სიროფი და კარგად აურიეთ, ჩაასხით ჭიქაში დაფხვნილი ყინულით, დაუმატეთ ნაღები, მორთეთ ორცხობილას ნატეხითა და თხილით.

ზაფხულის ყავის სმუზი – ინგრედიენტები: 200 მილილიტრი ესპრესო, 1 ბანანი, 150 მილილიტრი იოგურტი, ცოტა დარიჩინი, 1 ჩაის კოვზი კაკაო, ცოტა კენკრა, ათქვეფილი ნაღები, შოკოლადის სიროფი და ნუში. მომზადების წესი: ჩაყარეთ ჭიქაში წვრილად დატეხილი ყინული და დაუმატეთ ბლენდერში არეული იოგურტი, ბანანი, კენკრა, ყავა, კაკაო და დარიჩინი, მორთეთ ნაღებით, სიროფით და ნუშით.

ყავის მარწყვი – ინგრედიენტები: 2 ჭიქა ესპრესო, 2 ჩაის კოვზი ჟოლოს სიროფი, 2 ჩაის კოვზი შოკოლადის სიროფი, მარწყვი, ათქვეფილი ნაღები, ნაყინი, კაკაო და ყავის მარცვალი. მომზადების წესი: ჩაყარეთ ჭიქაში დაფხვნილი ყინული და წვრილად დაჭრილი მარწყვი, დაასხით შოკოლადის სიროფი, ახლად მოდუღებული და გაცივებული ყავა, მერე კი, მორთეთ ნაღებით, ნაყინის ბურთებით, კაკაოთი და ყავის მარცვლებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები