LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 მაისის კლუბების სპეცოპერაციაზე არასამთავრობო სექტორი ანგარიშს აქვეყნებს

100

“12 მაისს საპოლიციო ღონისძიების ჩატარების დროს, თანადროულად თბილისის ორ ღამის კლუბში დიდი რაოდენობით პოლიციის, მათ შორის შეიარაღებული სპეცრაზმის გამოჩენამ ადგილზე მყოფ ადამიანებში შიშისა და დაუცველობის შეგრძნება და სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილება გააჩინა,” – არასამთავრობო ორგანიზაციებმა ღამის კლუბების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ერთობლივი ანგარიში გამოაქვეყნეს.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის”და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რის აღმოსაჩენად მიეცა პოლიციას კლუბებში შესვლის უფლება და გაურკვეველია ოპერაციის მიზანიც.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის განმარტებით, ანგარიშში წარმოდგენილია რამდენიმე ვერსია, თუ დროის კონკრეტულ მონაკვეთში რით შეიძლებოდა ყოფილიყო გამართლებული სამინისტროს მხრიდან ღამის კლუბებში ამ მასშტაბისა და მოცულობის ოპერაციის ჩატარება, თუმცა არცერთი განხილული ვერსია არ შეიძლება ყოფილიყო შს სამინისტროს მხრიდან სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებული.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ კლუბში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გამართულ სპონტანურ აქციაზე, მონაწილეების მიმართ პოლიცია აგრესიით გამოირჩეოდა.

არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციით, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება 12 მაისს კლუბ “ბასიანის” შიდა პერიმეტრზე განხორციელებული უკანონო პირადი ჩხრეკების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე შესაძლო უკანონო დაკავებისა და ძალის გადამეტების შემთხვევებზე. შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კი, შეისწავლოს კლუბ “ბასიანთან” მიმდინარე სპონტანური აქციის დაშლის ეპიზოდი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები