LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოხანაშვილი: რა საღი აზრი და ლოგიკა არსებობს იმაში, რომ პარლამენტი ადამიანს თანამდებობაზე 6 თვის ვადით განაწესებდეს და ამისთვის 4-თვიანი პროცედურა იყოს საჭირო?!

64
ანრი ოხანაშვილი

„რა საღი აზრი და ლოგიკა არსებობს იმაში, რომ პარლამენტი ადამიანს თანამდებობაზე 6 თვის ვადით განაწესებდეს და ამისთვის 4-თვიანი პროცედურა იყოს საჭირო?!“ – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის წესში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.

ოხანაშვილის შეფასებით, შეთავაზებული ცვლილებებით მათ ასარჩევად რაციონალური დროა განსაზღვრული. მისივე თქმით, შენარჩუნებულია ორი მესამედის უმრავლესობით არჩევის წესი, რაც იმას ადასტურებს, რომ მმართველი გუნდი კონსენსუსის მიღწევაზე არის ორიენტირებული.

„იმ შემთხვევაში, როდესაც ოპოზიციამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს მხარი უბრალოდ არ დაუჭირა, არის მოლოდინი, რომ ისინი არც მომდევნო ჯერზე იქნებიან რაციონალურები და თანმიმდევრულები და მხარს არ დაუჭერენ. ამ დროს გვექნება რეგულაცია, როცა უმრავლესობას ცესკო-ს წარმომადგენლების არჩევა 6 თვის ვადით მოუწევს და ამისთვის 4-თვიანი პროცედურა იქნება საჭირო. რა საღი აზრი და ლოგიკაა ამაში, პარლამენტი ადამიანს 6 თვის ვადით განაწესებდეს და ამისთვის 4 თვიანი პროცედურა იყოს საჭირო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, პლენარული სხდომის ფორმატში, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს პროფესიული წევრების არჩევის წესში ცვლილებების პროექტი განიხილა.

ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის/პროფესიული წევრის არჩევის პროცესი მარტივდება და თუ აქამდე ოთხი კენჭისყრა იყო საჭირო, ორი კენჭისყრის ჩატარება ხდება საკმარისი. რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ცვლილებებით, ასევე, უქმდება კენჭისყრებს შორის პერიოდში დადგენილი ვადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები