LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაუქმდა მიკროავტობუსის მარშრუტები და რა გამოსავალი აქვთ მგზავრებს – მგზავრების, მერიისა და „თბილისის მიკროავტობუსის“ განსხვავებული განცხადებები

3507
Untitled design - 2021-12-15T151106.527

თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკა შეიცვალა. მომავალი წლიდან კი ცვლილებებს კიდევ რამდენიმე საკითხი დაემატება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პირველი იანვრიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ვადიანი სამგზავრო აბონემენტები ამოქმედდება.

სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიზანი თბილისში საცობების აღმოფხვრაა. თუმცა ამ პოლიტიკის დაწყებისა და განხორციელების პარალელურად, მიკროავტობუსებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეების უკმაყოფილება იზრდება.

„ფორტუნამ“ მოქალაქეებთან საუბრისას გაარკვია, რომ ზოგიერთი მიკროავტობუსი გაუქმდა, ზოგს კი ძალიან დიდხანს უნდა ელოდო. ამ მიკროავტობუსთა შორის ასახელებენ 126, 147, 61 მიკროავტობუსის მარშრუტებს. შესაბამისად, როგორც რესპონდენტები ჰყვებიან, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად მათ უწევთ რამდენიმე ტრანსპორტის შეცვლა და დროც, შესაბამისად, უფრო მეტი სჭირდება.

 

“სამი ტრანსპორტის გამოცვლა მიწევს სამსახურში მისასვლელად” – “დღეში 4 საათს მხოლოდ გზაში ვკარგავ”

 

„ფორტუნა“ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე რამდენიმე რესპონდენტს ესაუბრა.

ნია მგალობლიშვილი, „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ პანდემიის დროს გაუქმებულმა სამარშრუტო ნომრებმა, სამსახურამდე მისვლა გაურთულა.

„პანდემიის დაწყებიდან დღემდე თავისუფლების მოედნიდან გაგარინის მოედნისკენ გადაადგილება საგრძნობლად გართულდა. ე.წ. პუშკინის სკვერის გაჩერებიდან გაგარინის მოედნამდე სამი სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით იყო მოხვედრა შესაძლებელი. აქედან 2 სამარშრუტო ტაქსი იყო #61 და #72 და ერთი ავტობუსი #14 .

პანდემიის დაწყების დღიდან და პირველი ე.წ. ლოქდაუნის დასრულების შემდეგ ანუ მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგა,  #61 „მარშუტკა“ თვალით არავის უნახავს. რაც შეეხება #72 ნომერ სამარშრუტო ტაქსს, ის გარკვეული პერიოდი ისევ ფუნქციონირებდა, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა, აღნიშნულ მარშრუტზე აღარც ის მოძრაობს.

ყველაზე ცუდი რაც არის ამ ნომრების გაუქმების შემდეგ, მათი ალტერნატივა არ ჩანს და ადამიანებს რომლებსაც თავისუფლებიდან გაგარინზე ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს, იძულებული ვართ, ველოდოთ მხოლოდ #14 ნომერ ავტობუსს .

თუმცა აქაც კიდევ ერთი პრობლემაა, მიუხედავად თბილისის მერის დაპირებისა, რომ მოცდის დრო 7 წუთამდე შემცირდებოდა, ეს ჯერ არ ასახულა აღნიშნულ ნომერთან მიმართებით.

ამ სამარშრუტო ნომრების გაუქმებას დედაქალაქს საცობების პრობლემა არ მოუგვარებია“. – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბარში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელი ნია მგალობლიშვილი.

 

 

ეკატერინე დუმბაძე კი ამბობს, რომ გაუქმებულმა მარშრუტებმა მისი სამსახურში მისვლის დრო ძალიან გაზარდა.

„მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ქალაქგარეთ ვცხოვრობ, ეს უბანი (გლდანის ხევი) თბილისს ეკუთვნის და აქ საკმაოდ დიდია მოსახლეობის რიცხვიც, ტრანსპორტი ფაქტობრივად არაა, რადგან მოკლე მარშრუტზე (უახლოეს მეტრომდე) მხოლოდ ავტობუსი და მარშრუტკა დადის.

დედაქალაქის ცენტში მოსახვედრად კი მხოლოდ 51 ნომერი ავტობუსი, ისიც ცალკეულ უბნებში დადის. ვმუშაობ საბურთალოზე და სამი ტრანსპორტის გამოცვლა მიწევს იმისთვის, რომ სამსახურამდე მივიდე, რაც ძალიან დიდ დროსა და დისკომფორტს მიქმნის. ამას ემატება ქალაქში არსებული საცობები, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას კიდევ უფრო მეტად მირთულებს.

147 ნომერი მარშრუტკა, რომელიც საკმაოდ კარგი მარშრუტით მოძრაობდა, საერთოდ გაუქმდა, ალტერნატიული ხაზი კი არ არსებობს.

ფაქტობრივად 1 და 20 წუთს გზაში ვატარებ, რომ ყოველ დღე სამსახურამდე მივიდე. იგივე ხდება საღამოსაც, გამოდის 4 საათს მხოლოდ გზაში ვკარგავ და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ დედაქალაქის გარეუბნებში ტრანსპორტი ფაქტობრივად არაა“. – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბარში ეკატერინე დუმბაძე.

დავინტერესდით, დედაქალაქში მიკროავტობუსის რამდენი მარშრუტი გაუქმდა, რა მიზეზით და რამდენად მოხდა მგზავრებისთვის ალტერნატიული მარშრუტების შეთავაზება, რომელიც დედაქალაქში მათ გადადგილებას უფრო მოსახერხებელსა და კომფორტულს გახდიდა – ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებად შესაბამის სამსახურებს დავუკავშირდით.

 

რას ასახელებს მარშრუტების გაუქმების მიზეზად “თბილისის მიკროავტობუსი” 

 

კონკრეტულ მიკროავტობუსების გარშემო შექმნილ პრობლემაზე „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენელს, ნათია მიქიაშვილს  ვესაუბრეთ. 

მისი თქმით, მიკროავტობუსების მარშრუტებში ცვლილება ახალი სატრანსპორტო სისტემის გამო მოხდა:

„მოგეხსენებათ, ახალი და ერთიანი  სატრანსპორტო სისტემა შეიქმნა, შეიქმნა ასევე ახალი საგადასახადო სისტემა, რთული მოძრაობის განტვირთვის მიზნით მოხდა იმ ხაზების გაუქმება, რომელიც დუბლირებული იყო დიდ ავტობუსებთან და ამით საცობი იქმნებოდა. სამარშრუტო ტაქსს აბსოლუტურად სხვა ფუნქცია მიეცა.

სამარშრუტო ტაქსი იმ ქუჩებზე და იმ რაიონებში დარჩება, სადაც არ დადის ავტობუსი და არ არის მეტრო. ეს არის ევროპული ტიპის სატრანსპორტო პოლიტიკა, ახალი საგადასახადო სისტემაც სწორედ ამის გამო არის შემოღებული. ამით მგზავრს ექნება შესაძლებლობა, გადაჯდეს ავტობუსიდან მეტროში და მგზავრს არ შეექმნება გადაადგილების პრობლემა. 

ასევე იგეგმება თვის ბოლოს ახალი ავტობუსების დამატება, შესაბამისად კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, იმისთვის, რომ არ მოხდეს ხაზების დუბლირება, ერთ მარშრუტზე არ მოძრაობდეს რამდენიმე ტიპის ტრანსპორტი, ამისთვის შეიქმნა ევროპული სატრანსპორტო სისტემა, რაც გულისხმობს, რომ მგზავრს ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაადგილდეს მეტრომდე და შემდეგ გრძელი მანძილი გაიაროს სწრაფად“. – განაცხადა ნათია მიქიაშვილმა „ფორტუნასთან“.

-კონკრეტული მარშრუტი ავიღოთ, მაგალითად 61 ნომერი „მარშუტკა“, რომელიც თავისუფლების მოედნიდან მიდიოდა დიდ დიღომში. ის ფაქტობრივად ვერ ჩანაცვლდება, რადგან ამ მიმართულებით მეტრო არ მიდის…

-კონკრეტულ ნომრებთან დაკავშირებით გამიჭირდება  კომენტარის გაკეთება, მაგრამ ზოგადად როცა მიკროავტობუსის კონკრეტული ხაზი უქმდება, იქ იქნება ალტერნატიული საშუალება ავტობუსი, ან მეტრო. ამ კონკრეტულ ნომერზე იქნება ავტობუსი, რადგან დიღომში მეტრო არაა. 

პრობლემა არც ერთ რაიონში არ შექმნილა. ნომრები შეიცვალა და რაღაც ხაზი გაუქმდა, მაგრამ ალტერნატივა ყველგან არსებობს.

ჩვენ ვართ მთლიანი სატრანსპორტო სისტემის ნაწილი. ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც შეიძლება ცვლილება განხორციელდეს, იქ აუცილებლად იარსებებს ალტერნატიული გზა, ავტობუსით გადაადგილების“. – განმარტავს მიქიაშვილი.

მიქიაშვილის განმარტებით, განახლებული ყვითელი „მარშუტკები“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ დაქვემდებარებაში დარჩება.

 

დავინტერესდით, დედაქალაქში მიკროავტობუსის რამდენი მარშრუტი გაუქმდა, რა მიზეზით და რამდენად მოხდა მგზავრებისთვის ალტერნატიული მარშრუტების შეთავაზება, რომელიც დედაქალაქში მათ გადადგილებას უფრო მოსახერხებელსა და კომფორტულს გახდიდა – ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებას „თბილისის მიკროავტობუსიდან“ ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდით, შესაბამისად, შეკითხვებზე პასუხების მისაღებად თბილისის მერიას დავუკავშირდით.

 

რას ამბობენ თბილისის მერიაში

 

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი აცხადებს, რომ  „მარშუტკები“ 136, 147, 61  არ გაუქმებულა.

„ნებისმიერი მარშრუტის დანიშვნა, ან გაუქმება ხდება საკრებულოს თანხმობით. თუ არ მოძრაობს ეს მარშრუტი, ამ შემთხვევაში ხდება მონიტორინგი და კომპანიას ვაჯარიმებთ. მონიტორინგი ხდება მოქალაქეების ზარების საფუძველზე. შემიძლია, დაბეჯითებით გითხრათ, რომ თქვენს მიერ დასახელებული მარშრუტები გაუქმებული არაა. უკვე გადავეცით მონიტორინგს და თუ არ დახვდებათ ხაზზე, დავაჯარიმებთ“.- ამბობს წილოსანი „ფორტუნასთან“.

მისივე ინფორმაციით, პირველ ჯერზე ჯარიმა 100 ლარია, შემდეგ ჯერზე 300 და თუ მესამედაც დააფიქსირეს მარშრუტის ხაზზე არ ყოფნა, ჯარიმა 900 ლარი იქნება.

 

მოკლედ, ამ ეტაპისთვის, ჩვენთან საუბრისას, მგზავრები ამბობენ, რომ მარშრუტები გაუქმდა, „თბილისის მიკროავტობუსში“ გაუქმების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, მათ შორის ქალაქში დუბლირებული მარშრუტების არსებობას. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში კი არ ადასტურებენ აღნიშნულ ინფორმაციას და გვითხრეს, რომ შეისწავლიან საკითხს, თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე მათგანი აღარ მოძრაობს, კომპანიას შესაბამისი ჯარიმა დაეკისრება.

საკითხზე მუშაობას „ფორტუნა“ აგრძელებს და სხვა ახალ დეტალებთან ერთად, მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას, გამოჩნდება თუ არა ის მარშრუტები, რომლის არ არსებობაზე ჩვენი რესპონდენტები საუბრობდნენ. 

ინფორმაცია განახლებადია.