LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებაზე ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ადამიანის უფლებების პატივისცემას, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მისიას

102
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პოლიტიკური გადაწყვეტილება მათი ხელისუფლების პირობებში ეფუძნებოდა ადამიანის უფლებების პატივისცემას, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მისიას. აღნიშნულის შესახებ  C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, მონაცემები, რომელიც ღონისძიებაზე საზოგადოებამ იხილა ნამდვილად საამაყოა.

„თავის დროზე, როდესაც საქართველომ დაიწყო ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ეს შეადარეს დავითის და გოლიათის ამბავს. დღეს კიდევ უფრო მეტად ჩანს, რომ საქართველო ამ ისტორიაში სწორედ ამ როლში იყო და შეძლო ურთულესი პროექტის განხორციელება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში პროგრამის განხორციელების მონაცემებზე და შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, შთამბეჭდავია შედეგი, როდესაც 70 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის შედეგად გადარჩა. ვიცე-სპიკერის თქმით, მათ შორის არიან ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.

„ამ პროგრამამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვას, ჰუმანიტარულ ინიციატივებს, შეუძლია წაშალოს და დაარღვიოს ის ხელოვნური ბარიერები, რომლითაც სამწუხაროდ, ოკუპაციის შედეგად დღეს ჩვენი საზოგადოება არის გაყოფილი. დღეს შეგვიძლია სიამაყით განვაცხადოთ, რომ არც ერთი საქმე, ევროპულ სასამართლოში და ეროვნულ სასამართლოებში არ არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც მოქალაქეები ც ჰეპატიტის გამო და ბარიერების გამო უჩივიან საკუთარ სახელმწიფოს. ეს გახლავთ დიდი მიღწევა და ეს გადაწყვეტილება იმიტომ იყო წარმატებული, რომ ის ადამიანის უფლებების, ჯანდაცვის და ეკონომიკის საუკეთესო ბალანსის წერტილში გახლდათ მიღებული“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრებს, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულები პროგრამის განხორციელებაში, ჯანდაცვის სფეროს მეცნიერებს და პროფესიონალებს, ეპიდემიოლოგებს და სამოქალაქო საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გამოხატა მკაფიო პოლიტიკური ნება ამ პროგრამის დასაწყებად, ხოლო ჯანდაცვის პროფესიონალებმა აჩვენეს სრული მზადყოფნა როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (US CDC) ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, დარგის ექსპერტებმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიდან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან და ც ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებლებმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები