LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულის შახტში დაშავებულ მეშახტეს ხელის მტევნის ფუნქციის შენარჩუნებისთვის ოპერაცია ჩაუტარდა

103

“ტყიბულის შახტში დაშავებულ ერთ-ერთ მეშახტეს ხელის მტევნის ფუნქციის შენარჩუნებისთვის ოპერაცია ჩაუტარდა,” – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

ქაშიბაძის თქმით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამასთან, ქაშიბაძემ აღნიშნა, რომ ანალოგიური ოპერაცია უახლოეს მომავალში მეორე პაციენტსაც ჩაუტარდება.

„ეს იყო მტევნის ფუნქციის შენარჩუნებისთვის გაკეთებული ოპერაცია. კანი ორივე მტევანზე ბარძაყებიდან გადავუნერგეთ. ორი პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციის განყოფილებაში. მათი მდგომარეობა დღეისთვის სტაბილურია. მეორე პაციენტს ანალოგიური ოპერაცია უახლოეს დღეებში ჩაუტარდება. რაც შეეხება დანარჩენ ორ დაშავებულს, ისინი კლინიკის განყოფილებებში არიან გადანაწილებული. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს,“ – განაცხადა ქაშიბაძემ.

მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 16 ივლისს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.