მეცნიერთა აზრით, სატელევიზიო შოუების მუდმივი ყურება მათზე დამოკიდებულებას იწვევს და ეს მდგომარეობა ძალიან ჰგავს ნარკოდამოკიდებულებას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და განსაკუთრებით მუდმივი საკარანტინო შეზღუდვების ეპოქაში, სერიალების რეგულარული ყურება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეში საყვარელი სერიალის ორ ან მეტ ეპიზოდს უყურებენ, სერიალებისადმი დამოკიდებულება განუვითარდეთ. ამის შესახებ ScienceAlert-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნოტინჰემ ტრენტის უნივერსიტეტის პროფესორმა, მარკ გრიფიტსმა ისაუბრა.
მეცნიერების აზრით სატელევიზიო შოუებზე დამოკიდებულება ეტაპობრივად ყალიბდება. თავიდან შოუს ყურებას უბრალოდ მნიშვნელოვანი დრო ეთმობა, შემდეგ საყვარელი სერიალი განწყობის გაუმჯობესების ან რაიმე ცუდისგან თავის დაღწევის საშუალება ხდება. ამ ყველაფერს მოსდევს საყვარელი სერიალის მნიშვნელობის ზრდა – გამუდმებით სერიალზე დროის ხარჯვა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის გარშემომყოფებთან კონტაქტის და ზოგადად, ურთიერთობების ხარისხზე. ნელ-ნელა კი ადამიანი სულ უფრო მეტ დროს უთმობს სერიალებს და ისიც არ არის გამორიცხული, რომ რეალობას მოწყვეტა და წარმოსახვით სამყაროში გადასახლება არჩიოს.
,,ჯერჯერობით, ეს დამოკიდებულება ოფიციალურად არ არის აღიარებული, მაგრამ ამ ფენომენის კვლევა გრძელდება და არსებობს მტკიცებულება, რომ ის რეალურია”, – ამბობს მეცნიერი.
ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ადამიანებზე, რომლებიც ერთდროულად უყურებენ ერთი და იგივე სერიალის 2 ეპიზოდზე მეტს.
კვლევაში მონაწილეობდა 645 რესპონდენტი. ყველა მათგანს გადაეცა კითხვარი შემდეგი კითხვებით:
რამდენად ხშირად დებთ გვერდით მნიშვნელოვან საქმეებს, რათა სატელევიზიო შოუებს უყუროთ?
რამდენად ხშირად გრძნობთ სევდას ან გაღიზიანებას, როდესაც არ შეგიძლიათ საყვარელი სერიალის ყურება?
რამდენად ხშირად ამბობთ უარს ძილზე საყვარელი სერიალის გამო?
დადგინდა, რომ ყველაზე ხშირად ადამიანებს სერიალების ყურებისაკენ პრობლემებისგან დამალვისა და მარტოობის გრძნობის თავიდან აცილების სურვილი უბიძგებს.
,,ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, რომ ადამიანს შესაძლოა სერიალზე დამოკიდებულება განუვითარდეს”– ამბობს გრიფიტსი. პროფესორის თქმით, ადამიანმა საყვარელ სერიალს დღეში მაქსიმუმ 2,5 საათი შეიძლება დაუთმოს და ისიც მაშინ, როდესაც ყველა მნიშვნელოვან საქმეს მორჩება. იმ ადამიანებს კი, ვინც უკვე გრძნობს, რომ სერიალებზე დამოკიდებულება აქვს, მეცნიერი ფსიქოლოგთან ვიზიტს ურჩევს.