LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის სებ-ის წამზომი ჩართულია – რას ითხოვენ კომპანიები

ეროვნული ბანკის რეგულაციების ნაწილი ამოქმედდა, ნაწილის ამოქმედებას კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები შიშის თვალით უყურებენ. მათი ნაწილის განცხადებით, ეს ფინანსური ტვირთი ისევ მათ დააწვებათ და მოუწევთ ერთი ტიპის სესხების გაიაფების ხარჯზე, სხვა ტიპის სესხები გააძვირონ. საუბარია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის დაწესებაზე, რაც მათი დიდი ნაწილის შეფასებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილის “სწრაფ სიკვდილს” შეუწყობს ხელს. გარდა იმ რისკისა, რომ შესაძლოა, მათმა ნაწილმა ბაზარზე ოპერირება შეწყვიტოს, გაზრდილ ვალდებულებებს ვერ გაუმკლავდეს და შემცირებული მოგება არ იყოს საკმარისი, მთავარი საფრთხე მაინც შეიძლება იყოს ის, რომ სოფელში თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, არადეკლარირებული შემოსავლით შეეზღუდოთ სესხებზე ხელმისაწვდომობა.

მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ეროვნული ბანკი დათმობაზე წავიდეს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების ამოქმედებამდე ერთ წლიანი საშუალედო პერიოდი დააწესოს.

მათი მთავარი პრეტენზია მოსალოდნელ რეგულაციებს ეხება. საუბარია დაკრედიტების ინსტრუქციაზე, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს შემუშავებული და რომლის ამოქმედების შემთხვევაშიც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ცალკეულ საფრთხეებს ხედავენ.

„არსებული ვერსიით ვხედავთ ცალკეულ საფრთხეებს და იმას, რომ ეს პრაქტიკაში შეიძლება ვერ განხორციელდეს კარგად. პირიქით, გვერდითი ეფექტები მოიტანოს. საუბარია ეფეტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის დაწესებაზე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რა თქმა უნდა, კარგად ჟღერს მოსახლეობისთვის დაბალი საპროცენტო განაკვეთი, თუმცა იმ ხალხისთვის, რომელიც არაა დეტალურად ჩახედული ბიზნესის სპეციფიკაში, ალბათ ძნელად წარმოსადგენილია, რომ უარყოფითი შედეგები მოიტანოს. იმიტომ, რომ ზოგადად ეს ახალი რეგულაციები ისედაც აძვირებს ოპერირებას. ამის ფონზე კი, ზედა ზღვარის დაწესება ძალიან რთულ მდოგმაროებაში ჩააყენებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ბესო შენგელიამ.

გარდა ამისა, ის ვარაუდობს, ხომ ახალი რეგულაციების სრულად ამოქმედების შედეგად, შეიზღუდება მცირე სესხების მიწოდება მოქალაქეებისთვის. ამის დასაკომპენსირებლად კი, სხვა დანარჩენი ტიპის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ გათვალისწინებული იქნას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სპეციფიკა და ამ ტიპის სესხებისთვის ეფექტური განაკვეთი შენარჩუნდეს 65%-ის ფარგლებში, სანამ არ მოგვეცემა საშუალება საგადასახადო მიზნებისთვის გამოვქვითოთ საეჭვო ვალები. შეიძლება ამისთვის დაწესდეს დროებითი გამონაკლისი, გარდამავალი პერიოდი, დაახლოებით ერთი წელი,“ –  აღნიშნა ბესო შენგელიამ.

გარდა ამისა, მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარეს აქვს იმედი, რომ ორგანიზაციებს მიეცემათ ლარის რესურსზე წვდომა, ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების განაკვეთში, რაც მიკფროსაფინანსოებს მისცემს საშუალებას, ეფექტური განაკვეთი 50%-მდეც შეინარჩუნონ.

„ნისოკრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს არჩილ ბაკურაძეს კი, ოპერირების გაძვირებისა და ხარჯების ზრდის მიუხედავად, ეროვნულ ბანკთან აქვს მთავარი თხოვნა – ამ რეგულაციებით არ შეიზღუდოს კორპორატიული ობლიგაციების ბაზარზე წვდომა.

„ასევე მნიშველოვანია, რომ ახალი რეგულაცია, რომელიც შემოდის ფიზიკური პირების გასესხების სანდარტები, ამ რეგულაციამ  არ შეზღუდოს გადახდისუნარიანი მოქალაქეების წვდომა ფინანსებზე,“ – განუცხადა ბაკურაძემ „ფორტუნას“.

ახალი რეგულაციები საფინანსო ორგანიზაციებისთვს მას შემდეგ ამოქმედდება, რაც „ეროვნული ბანკის“ დაქვემდებარებაში გადავლენ. ეს კი 2019 წლიდან იგეგმება.

35-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ საკუთარი მოსაზრებები და პრეტენზიები პირადად დააფიქსირეს შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი მურთაზ კიკორიაც ესწრებოდა. როგორც მან შეხვედრაზე განაცხადა, ეროვნულ ბანკს სურს, რომ ნებისმიერი საფინანსო საშუალო ორგანიზაცია იყოს ლიცენზირებული, რაც მათ სამართლიანი წესებით ოპერირების საშუალებას მისცემს.

„ეს რეფორმები ამ კუთხიდან უნდა დავინახოთ და არა ისე, რომ ეროვნულ ბანკს ამის დარეგულირება სურს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამართლიანობა პასუხისმგებლობის ქოლგის ქვეშ მოვაქციეთ. ჩვენ ვციდლობთ, რომ მაქისიმალური კომუნიკაცია გვქონდეს, ვიდრე მივიღებთ საბოლოო რეგულაციებს. კერძო სექტორი ცოტა ნერვიულობს ამის გამო. როცა ეს რეგულაციები კარგად იქნება გაგებული, თუ რატომ ვაკეთებთ, უფრო მეტ სარგებელს შექმნის,“ – აღნიშნა კიკორიამ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დაწესებული რეგულაციების ნაწილი 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.