რა გამოწვევები აქვს თბილისს და როგორ აპირებს დედაქალაქის საკრებულო მაცხოვრებლების პრობლემების გადაჭრას, სადაც ყოველი სხდომა პოლიტიკური დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს? – საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა ისაუბრა.
არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, მან ყურადღება სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, განხორციელებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.
თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ეკოლოგია, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.
„დედაქალაქის მოსახლეობა დამეთანხმება, რომ ჩვენი ქალაქი დღეს ბევრად უფრო მწვანეა, ბევრად უფრო ცოცხალია, ვიდრე იყო 4 წლის წინ. ახალ გაკეთებულ სკვერებში ვხედავთ ძალიან ბევრ ადამიანს. განხორციელდა ტაქსების რეფორმა, ყველა თეთრი ფერის გახდა.აღარ ვსაუბრობ ახალ ავტობუსებზე. დააანონსა დედაქალაქის მერმა, რომ ქალაქში კიდევ 200 ავტობუსი შემოვა, რომელიც გაჩერებაზე მოსვლის დროს 7 წუთამდე შეამცირებს, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას.
კიდევ ერთი გამოწვევაა ურბანული პოლიტიკა – ქაოტური განაშენიანების დასრულება ამ ქალაქში. ვფიქრობ, დედაქალაქის მთავრობამ ძალიან ბევრი გააკეთა ამ მიმართულებითაც. დედაქალაქის ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი არის სოციალური მიმართულებით, იგივე უფასო სასადილოების ნაწილში. ჯანდაცვის მიმართულებით, კერძოდ, ოპერაციების დაფინანსება.
ასევე, მერმა დააანონსა 500 ლარიანი ვაუჩერები პენსიონერებისთვის. ყველა ის შესაძლებლობა, რაც შეჭირვებულ ადამიანებს დაეხმარება, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული. ბევრი პროექტი შევაჩერეთ პანდემიის გამო. მაგალითად, ქეთევან წამებულის გამზირი, რომელიც ახლა უნდა განახლდეს.
ნომერ პირველი პრიორიტეტული საკითხია დედაქალაქის მთავრობის ჩართულობა განათლების მიმართულებით. ველოდებით, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ბაგა-ბაღების ნაწილში დასრულდება. სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილში გვაქვს გარკვეული მონახაზი რა ფორმით გახდეს სხვა დანარჩენი ქუჩები ჭავჭავაძის ქუჩისნაირად მოწესრიგებული“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ამასთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ძალიან მალე დაიწყება ავარიული კორპუსების ჩანაცვლება.
ცნობისთვის, ეს საკითხი კახა კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. პროგრამის დაწყების თარიღად 2022 წელია მითითებული – იგეგმება ყველა კორპუსის ჩანაცვლება, რომლის ექსპლოატაციის ვადა გასული აქვს და მინიჭებული აქვს ავარიულობის ხარისხი.
„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ავარიული კორპუსების ჩანაცვლება. ეს არის საუკუნის პროგრამა, რომლის განხორციელებას, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში შევძლებთ. დედაქალაქის მერიამ გამოთქვა მზაობა, რომ ეტაპობრივად მოხდეს ავარიული კორპუსების ჩანაცვლება. უკვე არსებობს რამდენიმე ტერიტორია, სადაც უნდა განხორციელდეს. ამ ლოკაციებზე დედაქალაქის მერი თავად ისაუბრებს. ყველა ავარიული კორპუსი ერთად ვერ ჩანაცვლდება, შეფასდება, რომელი უფრო საჩქაროა და ალბათ, ლოგიკურია, რომ ეს მოხდება ძველ თბილისში, რადგან ყველაზე რთული ვითარებაა მანდ. ეს არის საუკუნის პროექტი და გამოწვევა, რომლის დიდი ნაწილი კახა კალაძის მერობის პირობებში შესრულდება“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.