LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნებრივი გაზის ტარიფების გეგმური დადგენისთვის, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო

78

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები თბოსადგურებისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის ტარიფების გეგმურ დადგენაზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „ჯიფაუერისთვის“, შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და ელექტროენერგიის წარმოების 2019 წლის ტარიფების დადგენისა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ ელექტროენერგიის 2019 წლის ტარიფის დადგენის მიზნით; შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“, სს „საქორგგაზისა“ და შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების 2019 წლის ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების 2019 წლის ტარიფის დადგენის მიზნით ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, კომისიაში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 01.10.2018,, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების – აქტების გამოცემის ბოლო ვადად – 31.12.2018.

სატარიფო საკითხებზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება განპირობებულია იმით, რომ ზემოაღნიშნულ საწარმოებს ტარიფები დადგენილი აქვთ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და შესაბამისად, მათ ტარიფები უნდა დაუდგინდეთ მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის.

„საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება უკავშირდება ტარიფების გეგმიურ დადგენას. ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ როგორი იქნება საბოლოო სამომხმარებლო ტარიფები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ შეცვლილა ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასი. ამასთანავე, შენარჩუნებულია ლარის გაცვლითი კურსის ტრენდი აშშ დოლართან მიმართებაში და არ გასცდენია ბუნებრივი გაზის შესყიდვის კომპონენტის სატარიფო გაანგარიშებაში გათვალისწინებულ კურსს (2.50 ლარი). ბუნებრივი გაზის შესყიდვის ნაწილში, ვალუტის გაცვლითი კურსი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატარიფო კომპონენტი, როგორც თბოსადგურების, ასევე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისათვის”, – განაცხადა სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, გივი სანიკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები