პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანებების ჩამოწერის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს მთავრობის ინიციატივით საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელებს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი სრულად ჩამოეწერებათ, თუ მათ 2013 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ საგადასახადო ანგარიშგება აღარ განუხორციელებიათ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების განხორციელების შედეგად, 27 634 გადასახადის გადამხდელს (იურიდიულ პირთა ოდენობა – 4 629, ხოლო ფიზიკურ პირთა რაოდენობა – 23 005) სრულად ჩამოეწერება დაახლოებით 550 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.