თურქული ლირა უფასურდება, ლარი – მყარდება. კითხვაზე, თუ რატომ სტაბილურდება ლარი, პასუხი ეროვნულ ბანკს და მთავრობასაც არ აქვს, – ასე აფასებს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ლარის ბოლოდროინდელი გამყარების საკითხს.
აღნიშნულ თემაზე ის „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და ამბობს, რომ სხვადასხვა პერიოდში, მაღალი ტრიბუნებიდან სრულიად აბსურდული იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ლირა როდესაც უფასურდება, ლარიც უნდა გაუფასურებულიყო.
„ახლა ხომ ვხედავთ, აბსოლუტურად საწინააღმდეგო მივიღეთ. ლირა უფასურდება, ლარი მყარდება. კითხვაზე, თუ რატომ სტაბილურდება ლარი, პასუხი ეროვნულ ბანკს და მთავრობასაც არ აქვს. ამიტომ, რთულია ჩვენი მხრიდან შეფასებისა თუ გათვლების გაკეთება. არაპროგნოზირებადი გარემო ყველაზე ცუდია ბიზნესისთვის. ბოლო წლების განმავლობაში, სწორედ ლარის არასტაბილურობით ძალიან დიდი ზიანი მიიღო ბიზნესმა,“ – განაცხადა ივა ჭყონიამ “ბიზნესპარტნიორთან”.
შეგახსენებთ, ზედიზედ თითქმის 4 კვირაა ლარი მყარდება. ბოლო, ანუ 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, 1 დოლარის ღირებულება 3,09 ლარი გახდა.