LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის მოეხსნება სოციალური დახმარება – მთავრობა სოც. დაუცველებისთვის ახალ კანონპროექტს ამზადებს

მთავრობა ახალ კანონპროექტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც, სოციალური დამხარება მოეხსნებათ ოჯახებს, სადაც ორი ან მეტი შრომისუნარიანი ადამიანი ცხოვრობს და დასაქმებაზე უარს ამბობს.

როგორც „ფორტუნასთან“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია განმარტავს, კანონპროექტი სოციალურად დაუცველების რეალიზებასა და მათ წახალისებას ითვალისწინებს.

იმის მიუხედავად, რომ დახმარების მოხსნა ამ ფენისთვის ძალიან მტკივნეული საკითხია, კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა, ეს მართლაც პოზიტიური ცვლილება აღმოჩნდეს, გააჩნია რა ჩაიწერება კანონში.

ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ სოციალურ სააგენტოსთან  ერთად, ფუნდამენტურად უნდა შეისწავლონ სოც. დაუცველთა ბაზა და გაწერონ მათი შესაძლებლობები.

მისი თქმით, სამუშაოს შეთავაზებისას, გაითვალისწინებენ შესაძლო ხელისშემშლელ ფაქტორებს, რომლებიც სოციალურად დაუცველს შეიძლება ჰქონდეს, იქნება ეს ოჯახური, ჯანმრთელობის პირობები თუ შესაბამისი განათლებისა და უნარების არქონა.

ის ასევე განმარტავს, რომ აუცილებლად იქნება კონკრეტული პირობები დადგენილი: როგორ მოხდება შეთავაზება, ვის, რა შემთხვევაში, რამდენი შეთავაზების შემდეგ და როდის შეუჩერდება ან არ შეუჩერდება დახმარება.

ჯერ ეს პირობები დადგენილი არ არის, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, დახმარების შეწყვეტა ემუქრება პირს, რომელიც შრომისუნარიანია, არ აქვს ოჯახში ყოფნის აუცილებლობა (მაგ. ხანდაზმულის მოვლის გამო) და არის აბსოლუტურად უნარიანი, გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, ის უნდა ჩაერთოს შრომის ბაზარზე.

„საუბარი არ არის აუცილებლად დახმარების მოხსნაზე. კანონპროექტის იდეაა, რომ გააქტიურდნენ სოციალურად დაუცველები, მათთვის ადეკვატური სამუშაოს შეთავაზების შედეგად, მოტივაცია გაიზარდოს.

კანონპროექტი არ გულისხმობს მხოლოდ სამუშაო ადგილის შეთავაზებას, ის მოიაზრებს სერვისებსაც. შეიძლება არ მოიძებნოს სამუშაო ადგილი, მაგრამ ვალდებულება იქნება, უმუშევარი სამუშაოს მაძიებლები გადამზადდნენ, კონკურენტუნარიანები გახდნენ, იმისთვის რომ პროდუქტიულად დამკვიდრდნენ ბაზარზე. ეს არის კონსულტაცია, მომზადება, გადამზადება, სტაჟირება და ა.შ.“ – აცხადებს ელზა ჯგერენაია „ფორტუნასთან“.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ბევრ სამუშაო ადგილზე, ადეკვატურ ანაზღაურებაზე და დახმარებისა და ხელფასის ერთდროულად მიღების შესაძლო ვერსიაზეც საუბრობს.

„უნდა ვიცოდეთ ვინ არიან ოჯახში შრომისუნარიანი პირები, რა შესაძლებლობები აქვთ მათ. არ გამოვრიცხავთ იმ პირობას, რომ გარკვეულ შემთხვევებში დაიშვას, სოციალური დახმარების გარკვეული ვადით შენარჩუნების საფუძველზე დასაქმებაც. თუმცა, ეს არის ვარიანტები, რომლებიც ევროკავშირის ექსპერტებმა შემოგვთავაზეს. გვინდა ეს ყველაფერი ქართულ რეალობას მოვარგოთ,“ – განმარტავს ჯგერენაია.

სოც. დაუცველთა ნაწილს აღნიშნული ინიციატივა მოსწონს. ქეთი, რომლის ოჯახშიც ორი სოციალურად დაუცველი პირია რეგისტრირებული, ამბობს, რომ შემწეობის მიღებას მუშაობა ურჩევნია. სწორედ ამიტომ მოეხსნა მას დახმარება.

“შარშან სამუშაოდ თურქეთში წავედი, არ შემიძლია ასე უსაქმოდ გავჩერდე, ამის გამო, დახმარებას აღარ ვიღებ. სულ ვცდილობ ვიმუშავო, თუნდაც მინიმალურ ანაზღაურებაზე.

პროფესიით ლოგოპედი ვარ, მაგრამ რამდენჯერაც ვაკანსიაზე გამოვხადდი, არ ამიყვანეს. მაგალითად, ბაღში მინდოდა მუშაობის დაწყება და არ მიმიღეს, ყველგან ნაცნობია საჭირო.

ჩემი მეუღლეც ასეა, ხელოსანია და ურჩევნია იმუშავოს და შემწეობაზე დამოკიდებული არ იყოს. თუ სამსახურის ძებნაში ან გადამზადებაში სახელმწიფო დაგვეხმარება, ამაში ცუდი რა არის. ვიმუშავებ, სხვა პროფილითაც, თუ ეს შესაძლებელი იქნება.

მთავარია, ანაზღაურება ადეკვატური იყოს. მინიმუმ 400 ლარია დღეს საჭირო იმისთვის, რომ რამენაირად ისულდგმულო. ამას გარდა, სოციალურად დაუცველებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაზღვევის კარგი პაკეტი, რადგან როცა ამ ფენას ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება, ვერანაირი დახმარება და შემოსავალი ვეღარ შველის,” – აცხადებს ქეთი და იმედს გამოთქვამს, რომ კანონმდებლები, ამ ყველაფერს, ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და საჭიროებას გაითვალისწინებენ.

კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი პირი, რომელიც გორში ცხოვრობს, “ფორტნასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ თავად ხუთ შვილს უვლის და მუშაობას ვერ შეძლებს. მუღლეს კი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და სოფელში არსებულ სამუშაოსაც ვერ უმკლავდება.

“ინიციატივა რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. თუ იქნება სამუშაო ადგილები და იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანი გავიდეს და საკუთარი შრომით არჩინოს ოჯახი, ამას რა ჯობს, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ასეთი სიტუაციებიც, ხუთი შვილი მყავს, აქედან ყველაზე პატარა 2 წლისაა, როგორ უნდა მოვახერხო მუშაობა. ჩემ ქმარს კი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ახლა სოფელში არის მუშაობის შესაძლებლობა. მუშა სჭირდებათ, თუმცა ვერ ახერხებს. ამ დახმარებით კი, მკურნალობასაც ვერ ვწვდებით,” – აცხადებს ცირა აკოფაშვილი.

რამდენი სოციალურად დაუცველია ქვეყანაში?

ამ ფენის შესახებ ბაზა, რომელიც „ფორტუნას“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიაწოდეს, საკმაოდ დიდია.

ივნისის მდგომარეობით, სააგენტოში სოციალურად დაუცველი რეგისტრიებული ოჯახის რაოდენობაა 324800 შეადგენს, პირის კი – 969044; აქედან, საარსებო შემწეობას 130154 ოჯახი და 449091 პირი იღებს;

სოციალურად დაუცველთა ბაზაში 62727 ოჯახია, რომელშიც შმმ პირი ირიცხება, (შშმ პირი 70899;) ბაზაშია 235549 ოჯახი,  რომელშიც შრომის უუნარო წევრია, (შრომის უუნარო პირი 493043;)

საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი შშმ პირით 29690, საარსებო შემწეობის მიმღები შშმ პირი 34605, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი შრომის უუნარო წევრით 97111, საარსებო შემწეობის მიმღები შრომის უუნარო წევრი 211473;

ამ მონაცემების უხეში ანალიზი გვაჩვენებს, რომ საქართველოს მცხოვრებთა თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი სოციალურად დაუცველია და საარსებო შემწეობას სახელმწიფოსგან იღებს. აქედან 211 473 შრომის უუნაროა.

იმ შემთხვევაში თუ დანარჩენებს მუშაობა შეუძლიათ, ქვეყანაში 237 618 დამატებითი სამუშაოს შექმნაა საჭირო.

პრობლემაა კიდევ ერთი საკითხი – რეგიონები, სადაც უფრო მეტი სოციალურად დაუცველი და დასაქმების ნაკლები შესაძლებლობაა.

სახელმწიფო ფულად სოციალურ შემწეობას ყოველთვიურად გორში მცხოვრებ 4 498 ოჯახს ურიცხავს. მეორე ადგილზე ჭიათურის რაიონია, სადაც ფულადი დახმარების მიმღები 3 127 ოჯახია. ხოლო გურჯაანის რაიონში თვიდან თვემდე შემწეობით თავი 3 031 ოჯახს გააქვს.

სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობით ლიდერობენ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში ამბროლაურის რაიონი (1 726 ოჯახი), გურიაში – ლანჩხუთის რაიონი (1 517 ოჯახი), მცხეთა-მთიანეთში დუშეთის რაიონი (2 564 ოჯახი), სამეგრელო-ზემო სვანეთში – ზუგდიდის რაიონი (2 436 ოჯახი), სამცხე-ჯავახეთში ბორჯომის რაიონი (787 ოჯახი), ქვემო ქართლში – რუსთავი (2 849 ოჯახი), აჭარაში – ქობულეთის რაიონი (1 798 ოჯახი).

 

კანონის მიღება 2019 წლისთვის იგეგმება

კანონპროექტის შემუშავება არ დასრულებულა. მასზე სამინისტროების დონეზე მუშაოებენ. პროექტი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში შემუშავდა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია დასაქმების საკანონმდებლო ბაზა.

ჯგერენაიას თქმით, ეს კანონი ბაზარზე უმუშევარი სამუშაოს მაძიებლების უფლებებს დაადგენს.

„ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც დასაქმებულების ვალდებულებებსა და უფლებებს გაწერს და არ გვაქვს კანონი, რომელიც უმუშევარი სამუშაოს მაძიებლების უფლებებს გვაცნობს. მათ უფლება აქვთ, რომ გადამზადდნენ, შრომის ბაზარზე არსებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღონ, სერვისები მიიღონ და მათ ვალდებულება აქვთ, რომ ჩაერთონ ამ პროცესში. ამას დაარეგულირებს ახალი კანონი,“ – განმარტავს ჯგერენაია.

კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში წლის ბოლომდე იგეგმება, უახლოეს მომავალში კი, ამ თემაზე საჯარო განხილვები დაიწყება. მასზე მომუშავე პირები იმედოვნებენ, რომ კანონპროექტს პარლამენტი 2019 წლისთვის დაამტკიცებს.

 

თამთა უთურგაშვილი