7 დეკემბერს რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტს შორის ვიდეო კონფერენცია გაიმართა. მოგვიანებით მხარეებმა გაავრცელეს განცხადება, რაზე ისაუბრა ორი ქვეყნის პრეზიდენტმა.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი გამართა, რათა განეხილა აშშ-რუსეთის დღის წესრიგში არსებული რამდენიმე საკითხი.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ის და ევროპელი მოკავშირეების სახელით, ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო ძალების ესკალაციის გამო და ნათლად განაცხადა, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, აშშ და ჩვენი პარტნიორები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ რუსეთს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა და რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ და ასევე ისაუბრეს რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივ მუშაობაზე, როგორიცაა მაგალითად ირანი“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
კრემლის მიერ გავრცელებულ რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების ონლაინ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენთან საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი სერიოზულად არის დაინტერესებული უსაფრთხოების იურიდიულად დაფიქსირებული საიმედო გარანტიების მიღებით, რაც „ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას გამორიცხავს“.
განცხადების თანახმად, საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ნატო რუსეთის საზღვრებთან თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს და უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად სახიფათო მცდელობებს ახორციელებს.
„ამიტომ, რუსეთი სერიოზულად დაინტერესებულია სანდო, იურიდიულად დაფიქსირებული გარანტიების მოპოვებით, რომელიც გამორიცხავს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას და შეტევითი შეიარაღების სისტემების რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში განთავსებას“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.