LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მეტად ის მტკივა, რომ სიკვდილამდე საშინელი ტანჯვა გაიარა: ეკა კვესიტაძე

3516
7e4fd3c9-a75c-482e-a534-079f8523ad47-675 (2)

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსმა მისი მამიდაშვილი იმსხვერპლა. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო.

კვესიტაძე მასთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიებს იხსენებს.

“არსებობს ისტორიები, რომლებიც ჩვენ საყვარელ ადამინებთან გვაკავშირებს. მაგრამ, ამ ისტორიებს შორის ყოველთვის არსებობს ერთი – ყველაზე გამორჩეული, რომელიც არასდროს ხუნდება, არც ფერს კარგავს, არც სუნს და არც სევდას. მეც მაქვს ერთი ასეთი ისტორია, ჩემს საყვარელ მამიდაშვილთან – ქეთინოსთან.

1997 წლის დეკემბრის მიწურული იყო, გერმანიაში ვარ – ჰანოვერის მატარებლების სადგურზე. მანჰაიმიდან ჰანოვერში სწრაფი მატარებლით ჩავედი. 20 წლის ვიყავი და ერთ წელზე მეტი მქონდა გატარებული გერმანიაში – ჩემს მომავალ გეგმებსაც გერმანიას ვუკავშირებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავი. რადგან თვითმფრინავის ბილეთის ფული აღარ დამრჩა, მატარებლით ჰანოვერიდან მოსკოვში ჩასვლა გადავწვიტე – ვიცოდი, რომ ჩემი მამიდაშვილები იქ იყვნენ. არ მახსოვს როგორ, მაგრამ რაღაცნაირად მივაწვდინე ხმა, რომ დეკემბრის რომელიღაც დღეს, რომელიღაც საათზე ჰანოვერიდან წამოსული მატარებელი მოსკოვის ბალარუსიის ვაგზალზე ჩამოდგებოდა. იმ ბჟუტავი იმედით, რომ რუსეთის გაყინულ დედაქალაქში, სადაც წინა დღეების ინფორმაციით ყინვამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ვიღაც მაინც დამხვდებოდა, მატარებელში ავედი. დღემდე მახსოვს მატარებლის დერეფანში ჩამდგარი ახლად გაკეთებული ბორშის სუნი, კუთხეში მიყუდებული ცოცხი აქანდაზით, აღლიცინებულ „პრავადნიკსა“ და იაფასიან კიმონოში გამოწყობილი ქალის ვულგარული ფლირტი და საბჭოტა კუპე, რომელშიც ერთ სანდომიან ქალთან ერთად მოვხვდი. ორი დღე ნერვიულობისგან ხელისგულებზე ოფლი არ შემშრობია – მხოლოდ 100 მარკა მედო ჯიბეში და ასე ჩავდიოდი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირ ქალაქში. ჩემი თანამგზავრი, სანდომიანი ქალი მამშვიდებდა, რომ თუ ჩემი ნათესავები არ დამხვდებობდნენ, თავის სახლში წამიყვანდა და მიპატრონებდა. ამ დანაპირებს ხავსივით ვეჭიდებოდი. ორი თუ სამდღიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა მოსკოვში ჩავაღწიეთ. არასდროს დამავიწყებდა ის მომენტი, რომელიც ჩემს მოგონებაში შავ-თეთრ სურათად ჩაიბეჭდა – ბაქანზე ვდაგავარ, უზარმაზარი ფიფქებით თოვს და ჩემი ჩემოდნის ნახევარი უკვე დაფარა. კაციშვილი აღარ არის, ის სანდომიანი ქალიც სადღაც დაუმშვიდობებლად გამქრალიყო. მახსოვს, როგორ დავინახე ფიფქების ფარდის იქეთ ქალის სილუეტი, ქეთინო იყო. ხელში 4 მიხაკი ეჭირა, ერთი მიხაკი ყუნწში გადატეხილიყო და საცოდავად დაკონწიალებდა ჩქარი ნაბიჯით მომავალი ქალის ხელში. ამ, შავთეთრ სურათში ფერები მხოლოდ ამ მიხაკებს ჰქონდათ და ქეთინოს ღიმილს. ვიგრძენი როგორ გამილღვა ძარღვებში სისხლი და ხელ-ფეხი როგორ ამიმოძრავდა. გავიქეცი, მთელი ძალით მოვეხვიე და საშინელი ხმით ავტირდი.

ქეთინო ზუსტად ერთი კვირის წინ გარდაიცვალა კოვიდით, აცრილი არ იყო. ყველაზე მეტად ის მტკივა, რომ სიკვდილამდე საშინელი ტანჯვა გაიარა. არაფრის მოწოდებას არ ვაპირებ, რადგან უახლოეს ნათესავებთანაც კი დავმარცხდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები