იმ ბიზნესობიექტებს, რომელთა პერსონალიც 80% ან მეტი აიცრება, „მწვანე სერტიფიკატი“ მიენიჭებათ, – საკითხზე შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„მიმდინარე კვირაში, დავაანონსებთ ე.წ. მწვანე ზონებს. ეს იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული, გარკვეულწილად, მარკეტინგული და უსაფრთხოების პროტოკოლი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თუ ესა თუ ის ბიზნესი თავისი პერსონალის 80%-ს აცრის, „მწვანე სერტიფიკატს“ მივანიჭებთ და სხვადასხვა მარკეტინგული გზით დავეხმარებით, მათ შორის – პიარში. მაგალითად, მე, როგორც მომხმარებელს, რომელსაც რაიმე სერვისის მიღება მინდა, მეცოდინება, რომ ეს ობიექტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით მომემსახურება პერსონალი“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს იმედი აქვს, რომ ამ კამპანიით, აცრების მაჩვენებელი წახალისდება. „გრძელვადიან პერსპექტივაში, სხვადასხვა სექტორული თუ მწვანე ზონების გადახედვის კუთხით, საბჭო გააგრძელებს მუშაობას“, – დასძინა ფერაძემ „იმედის“ ეთერში.