კოვიდ-19-ის ახალი შტამით, “ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად იზრდება.
იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ვირუსის ეს ვარიანტი დაფიქსირდა, უახლესი მონაცემებით, 25-ს აჭარბებს.
თუმცა ცოტა ხნის წინ განახლებული ინფორმაციით, ქვეყნების რიცხვი გაზრდილია 30-მდე.
ინფიცირების ზრდის პარალელურად, იზრდება იმ ქვეყნების რიცხვიც, რომლებიც მუტირებული ვირუსის შესაკავებლად ახალ ზომებს მიმართავენ.
ახალი რეგულაციების დაწესების ფონზე კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასაზღვრო კონტროლი მხოლოდ დროის მოგების საშუალებაა და რომ შემთხვევების ზრდისთვის ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს.
ორ დღეში, 2-დან 9-მდე გაიზარდა “ომიკრონით” ინფიცირებულთა რიცხვი საფრანგეთში და მთავრობის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმაც განაცხადა, რომ ვირუსის ეს ვარიანტი, შესაძლოა, იანვრის ბოლოს ქვეყანაში დომინანტი გახდეს.
“ომიკრონის” 10 შემთხვევას ადასტურებს აშშ-ის ჯანდაცვის უწყებაც.
ამ დროისთვის, “ომიკრონის” ლოკალური გავრცელებისა და მოგზაურებში აღმოჩენის კოვიდრუკა ასე გამოიყურება:
9 დღეში გამოვლენილი სულ მცირე, 375 შემთხვევა 30-მდე ქვეყანაში – “ომიკრონის” გავრცელების სტატისტიკა, რომელიც ქვეყნებს ზომების გამკაცრებისკენ უბიძგებს
სამხრეთ აფრიკაში, ამ დრომდე უცნობი შტამის აღმოჩენის შესახებ 25 ნოემბერს განაცხადეს. იმისათვის, რომ ახალი ვარიანტი არ გასცდენოდა აფრიკის კონტინენტს და გლობალურად არ გავრცელებულიყო, რამდენიმე ქვეყანამ ზომები მალევე მიიღო და აფრიკის რეგიონიდან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მცდელობა დაგვიანებული იყო და როგორც ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობდნენ, ახალი შტამი, დიდი ალბათობით, გაცილებით ფართოდ იყო გავრცელებული. მისთვის სახელი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ შერჩეული, როდესაც აღმოაჩინეს აზიისა და ევროპის კონტინენტზე, შემდეგ კი გამოვლინდა როგორც ამერიკის ორივე კონტინენტზე, ასევე ავსტრალიაში.
ის, რამაც მსოფლიოს შეშფოთება გამოიწვია, ახალი ვარიანტის მუტაციების საკმაოდ დიდი რიცხვია, რაც ეპიდემიოლოგების განმარტებით, კიდევ უფრო ზრდის მისი გავრცელებისა და სწრაფად გადადების უნარს.
აფრიკის რეგიონიდან ფრენების შეჩერების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყანა კიდევ უფრო მკაცრ ზომებს მიმართავს.
? ამერიკის შეერთებული შტატები:
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს პანდემიასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც გულისხმობს მოგზაურებისთვის ტესტირების მოთხოვნასა და ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდის მცდელობას, ყველაფერი ეს კი, ბაიდენის თქმით, ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან “ომიკრონი” პანდემიის ხელახალ აღორძინებას უწყობს ხელს”.
თეთრი სახლის ახალი გეგმა გულისხმობს, შტატებში შესულმა ყველა საერთაშორისო მოგზაურმა გაიაროს ტესტირება ფრენიდან ერთი დღის განმავლობაში. ეს ეხება ყველა მოგზაურს, როგორც ამერიკელს, ასევე უცხოელს, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად.
ბაიდენის განკარგულებით, გრძელდება ნიღბის ტარების მოთხოვნა თვითმფრინავებში, მატარებლებსა და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მარტის შუა რიცხვებამდე.
“ჩვენ პანდემიას დავამარცხებთ გონიერებითა და სისწრაფით და არა ქაოსითა და დაბნეულობით, ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ გაზაფხულზე და შემდეგ, “დელტა” ვარიანტის გავრცელების შემდეგ ზაფხულსა და შემოდგომაზე.” – თქვა ჯო ბაიდენმა.
მაღალი პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაციისკენ მთავრობებს მოუწოდებს ჯანმოც, რადგან ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი შტამი “ძალიან მაღალ” გლობალურ რისკს წარმოადგენს.
? “ომიკრონის” სავარაუდო შემთხვევების გამო, ნორვეგიის ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვების შემოღება გადაწყვიტა.
ნორვეგიაში რეგულაციების დაწესებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ერთ-ერთ საშობაო წვეულებაზე, რომელსაც 120-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათი ნახევარი დაინფიცირდა. ისინი ვაქცინირებულები იყვნენ. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ჯერ უცნობია, თუმცა ეჭვობენ, რომ მათი უმრავლესობა “ომიკრონის” შტამით არის ინფიცირებული და თუ ეს დადასტურდება, ეს იქნება ახალი შტამის ყველაზე დიდი აფეთქება ევროპაში.
“ეს გვიჩვენებს, რომ ვირუსი ძალიან ადვილად ვრცელდება და რომ ვაქცინა კარგად არ იცავს ინფექციებისგან. ჩვენ ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ვაქცინა იცავს დაავადების სერიოზული ფორმებისგან.” – აღნიშნა ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრმა ინგვილდ კიერკოლმა.
“ომიკრონის” შესაძლო გავრცელების გამო, ორშაბათიდან ოსლოსა და მის მიმდებარე ქალაქებში მოქალაქეებს კვლავ დისტანციურად მუშაობა მოუწევთ. დახურულ შენობებში წვეულებებზე დასწრებას ერთად მხოლოდ 100 სტუმარი შეძლებს. რესტორნებსა და ბარებს კი მომხმარებელთა რეგისტრაცია მოუწევთ.
ნორვეგიაში ჩასულმა მოგზაურებმა 24 საათში კოვიდტესტი უნდა გაიკეთონ. ქვეყნის მთავრობა ასევე გასცემს რეკომენდაციას, რომ მოქალაქეებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადეები კვლავ ატარონ.
? კოვიდრეგულაციებს კიდევ უფრო ამკაცრებს გერმანიაც:
გერმანიის მთავრობა თანხმდება, რომ პანდემიის მეოთხე ტალღის შესაკავებლად არავაქცინირებულ მოქალაქეებს შეზღუდვები უნდა დაუწესონ.
მაღაზიებში, რესტორნებში, მუზეუმებსა და კინოთეატრებში შესვლის უფლება ექნებათ მხოლოდ ვაქცინირებულ ან კოვიდგადატანილ ადამიანებს, აუცრელებს კი მხოლოდ იმ მაღაზიებში შეუშვებენ, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქცია იყიდება.
ახალი წესების თანახმად, ფეხბურთის სტადიონებზე, მაქსიმუმ, 15 000 მაყურებელს დაუშვებენ, დახურული ტიპის სპორტულ დაწესებულებებში კი, მაქსიმუმ, 5 000 მოქალაქის დაშვება იქნება შესაძლებელი. ახალი წესების ამოქმედება უახლოეს დღეებში იგეგმება.
სკოლებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. დახურულ სივრცეში კერძო წვეულებებზე კი დაშვებული იქნება მხოლოდ 50 ადამიანის დასწრება.
ამ დროისთვის, გერმანიაში დადასტურებულია “ომიკრონით”ინფიცირების 9 შემთხვევა.
? დღეიდან, 3 დეკემბრიდან ნეპალი აკრძალავს ქვეყანაში მოქალაქეების შესვლას აფრიკის რვა ქვეყნიდან და ასევე ჰონგ-კონგიდან:
მთავრობის სპიკერის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა შეეცდება “ომიკრონის” გავრცელება შეაჩეროს.
აკრძალვა, რომელიც ძალაში დღეს ღამით შედის, შეზღუდვას უწესებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ან გადადიოდნენ სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ზიმბაბვეში, ნამიბიაში, ლესოტოში, ესვატინიში, მოზამბიკში, მალავისა და ჰონგ-კონგში.
საქართველო “ომიკრონის” წინააღმდეგ – ვის უწესებს შეზღუდვებს ქვეყანა
სამხრეთ აფრიკაში ახალი შტამის გავრცელების შემდეგ, 30 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვირუსის ახალი ვარიანტის დაფიქსირების გამო, მოსალოდნელია ცალკეულ ქვეყნებში შესვლისა და ყოფნის რეგულაციებში ცვლილებები.
უწყება გამგზავრებამდე მოქალაქეებს ინფორმაციის გადამოწმებას ურჩევს.
პანდემიის პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ გამგზავრების პირობებს, თქვენ გადაამოწმებთ ამ ბმულზე.
ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, დაწესდა რეგულაციები, რომლებიც ძალაში 28 ნოემბრიდან შევიდა.
? მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქალაქეობის მიუხედავად, ნებისმიერი პირი, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
ეს ქვეყნებია:
- სამხრეთ აფრიკა
- ბოტსვანა
- ზიმბაბვე
- ნამიბია
- ლესოტო
- ესვატინი (სვაზილენდი)
- მოზამბიკი
- მალავი
14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს PCR-კვლევა ჩაუტარდებათ.
“საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში, თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი “ომიკრონი” შტამის დაფიქსირების გამო მიიღო.” – წერია ინფორმაციაში.
იგეგმება თუ არა დამატებითი ზომების შემოღება და რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება უცხო ქვეყნიდან შემოსული პირებისთვის, ამ კითხვით “ფორტუნამ” საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს.
“შესაბამისად, რაც გამოქვეყნდა, ამ ეტაპზე არის ბოლო გადაწყვეტილება, თუ დამატებით რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უწყების ვებ-გვერდზე ავტომატურად აისახება.
საზღვარგარეთ გამგზავრების პირობებსა და საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს მოქალაქეები სამინისტროს ოფიციალურ საიტსა და geoconsul.gov.ge-ზე გაეცნობიან”, – განუცხადეს “ფორტუნას” საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ იმისთვის, რომ “ომიკრონის” საქართველოში შემოღწევა მაქსიმალურად გადავადდეს, თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე პასუხობს, რომ ახალი შტამის გამო არავითარი პანიკა არ არის საჭირო.