LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიქცეთ გაუსაძლისი სიცხის დროს – ეკა უბერის რეკომენდაციები მშობლებს

400

გადაცემის ლაივი LIVE

რა ძირითადი და აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს ბავშვების გაყვანა ქალაქგარეთ. რა ოდენობით უნდა მიიღოს წყალი პატარამ და  შესაძლოა თუ არა წყალი ჩაანცვლოს ბავშებისთვის საყვარელმა გაზიანმა სასმელებმა ან ტკბილმა წვენებმა, როდესაც ბავშვი უარს ამბობს წყლის მიღებაზე. რუჯი კანზე, მადის დაკარგვა და დასვენება სოფლად – ამ და სხვა საინტერესეო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესრომა, პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა.

ქალბატონო ეკა, რატომ არის ასეთი საშიში მაღალი ტემპერატურა ბავშებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის?

ზაფხულის ცხელი დღეები არ არის იშვიათი ჩვენთვის და ჩვენ მეტნაკლებად ადაპტირებული ვართ გარემოს მაღალ ტემპერატურასთან. საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ გაუწყლოვნების რისკია მაღალი. რაც უფრო ჩვილია ბავშვი, მის ორგანიზმში მით უფრო დიდი რაოდენობით არის წყალი და აორთქლების რისკიც მაღალია, სწორედ ამიტომ დედებს ვურჩევ, რომ პატარები დატვირთონ რაც შეიძლება მეტი სითხით, განსაკუთრებით წყლით და არა გაზიანი სასმელებით და ხილის წვენებით, მათ თავისი უარყოფითი გვერდითი მხარეები აქვს. პირველ რიგში გაუწყლოვნების პრევენცია არის სუფთა სასმელი წყალი და მეორე, ელექტროლიტური, რეჰიდრატაციული ხსნარი, რომელიც ძალიან ფართოდ მოიპოვება ჩვენს სააფთიაქო ქსელებში. ასევე, მზის ულტრაიისფერი სხივები რა თქმა უნდა ჯანმრთელობაა, მაგრამ დღის 10 სთ-დან საღამოს 6-7 სთ-მდე  მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ ბავშვები მზის სხივებს, სასარგებლოსთან ერთად ულტრაიისფერ სხივებს უამრავი გვერდითი საზიანო მხარეები აქვს, განსაკუთრებით ორ წლამდე ბავშვებში მზის პირდაპირი ზემოქმედება მკვეთრად ზრდის მელანომის, კანის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს, ამიტომ თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ბავშვები მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, თუ მაინც უნდა გაიყვანოთ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საცხები, რომლის მოხმარებასაც სპეციალური ინსტრუქცია აქვს, გაყვანამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე უნდა დაიტანოთ სხეულის ხილულ ნაწილებზე, სახე, ზედა და ქვედა კიდურებზე. მზისგან დამცავების საბავშვო ფორმები ჰიპოალერგიულია, უსაფრთხოა და ადაპტირებულია ბავშვის კანთან.

ბავშვმა უნდა მიიღოს დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყალი, შესთავაზეთ ყოველ 5-10 წუთში,თუ გარეთ ხართ და გარემოს ტემპერატურა მაღალია, უფრო ხშირად უნდა შესთავაზოთ სითხე, რადგან სითხის დანაკარგი არა მხოლოდ ოფლით ხდება, ასევე სუნთქვის დროს, ბავშვის სუნთქვის სიხშირე  კი გაცილებით უფრო ხშირია ვიდრე მოზრდილის.

მსოფლიო ჯანდაცვის ასოციაციის რეკომენდაციით, როგორც ბავშვებში ასევე მოზრდილებში, აუცილებელი პირობა უბრალო სასმელი წყლის მიღებაა. გაზიანი სასმელი ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს სასმელ წყალს, თუნდაც ეს იყოს მინერალური გაზიანი წყლები.

რაც შეეხება სითხეს და წყლის მიღებას, შესაძლოა თუ არა, წყალი ჩაანცვლოს ბავშებისთვის საყვარელმა გაზიანმა სასმელებმა ან ტკბილმა წვენებმა, როდესაც ბავშვი უარს ამბობს წყლის მიღებაზე?

გაზიანი სასმელები ორ ჯგუფად იყოფა, ტკბილი და მინერალური სასმელები. თვითონ გაზს აქვს გვერდითი მოვლენები, დიდი რაოდენობით და ხშირი მოხმარება იწვევს გასტრიტებს, გულძმარვებს. თუ სხვა ალტერნტივა არ არსებობს, ჯობია სახლში დამზადებული კომპოტის სახით შევთავაზოთ სითხის მიღება ან გაზგასული მინერალური წყალი, თუ ესეც არ გამოდის, იყოს შედარებით ნაკლებგაზიანი ტკბილი სასმელი. გაზი აფუჭებს კბილის ემალს და უმჯობესია შევთავაზოთ საწრუპი ჩხირებით, ამ გზით ემალის დაზიანების რისკი კლებულობს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ტკბილ, გაზიან სასმელებში შაქრის შემცველობა თვრამეტჯერ მეტია, ვიდრე სახლში დამზადებულ უშაქრო კომპოტებში. მშობელმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. მე გირჩევთ, რომ საერთოდ ნუ დააგემოვნებინებთ ასეთ სასმელებს, მაქსიმალურად გაწელეთ დრო სანამ ბავშვი ტკბილი გაზიანი სასმელის გემოს გაიგებს, რადგან შემდეგ წყლის მიმართ ინტერესი ეკარგებათ.

მზის სხივებისგან ორგანიზმი ბუნებრივი გზით იღებს დ ვიტამინს, თუ ჩვენ მოვერიდეთ მზეს, კანი არ მიიღებს რუჯს,  მზე არ მოვა ჩვენამდე, საიდან მივიღებთ დ ვიტამინს?

ძალიან აქტუალური შეკითხვაა, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომედაციების აფიშირებას ვუკეთებ იმის თაობაზე, რომ სეზონის მიუხედავად დ ვიტამინის მიღება ყოველდღიურად არის აუცილებელი. მზის სხივის ვიტამინის გამომუშავება ორგანიზმში ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დღის 3 სთ-მდე 15 წუთს მაინც გაატარებს მზის გულზე ბავშვი, მოშიშვლებული კიდურებითა და სახით. რაც უფრო მუქი შეფერილობის კანი აქვს ბავშვს, მით უფრო დიდია მზეზე დაყოვნების აუცილებლობა. ამავდროულად, რაც უფრო ჩვილია ბავშვი, მით უფრო დიდია მელანომის რისკი, აქედან გამომდინარე ვურჩევ ყველას, რომ ხელოვნური გზით მიიღონ ვიტამინ დ და არა რუჯის სახით. რუჯი, რომელიც დამცავის მიუხედავად მიიღება მცირე სახით, ამას მივესალმები, მაგრამ ოქროს შუალედის მოძებნა ძალიან რთულია განსაკუთრებით ჩვილებში. ხშირად მოუმართავთ მშობლებს, დამცავ წასმულ ბავშვებს ეტლიდან რაც ჩანს, კიდურის მცირე ნაწილი იქ მე-2 მე-3 ხარისხის დამწვრობა განვითარებიათ, მზეზე ძალიან მოკლე ხნიანი დაყოვნების შედეგად.

თბილისის პოპულარული აუზები, არის თუ არა ეს სხეულის გაგრილების კარგი საშუალება. იმ ფონზე როდესაც იქ ფიქსირდება დასაშვებზე მეტი რაოდენობის ადამიანი და დაბინძურებული წყალი, რომელსაც არავინ ამოწმებს?

სანიტარული ნორმების და ჰიგიენის დაუცველობა მკვეთრად ზრდის რისკს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარების მხრივ. ვურჩევ, რომ ადრეული ასაკის ჩვილ ბავშვებს ინდივიდუალი აუზები შეურჩიონ, წყლით გაკაჟება ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებლად დღის მეორე ნახევარში.

ძალიან რთულია ბავშვის საზღვაო კურორტზე წაყვანა, რადგან რაც უფრო ჩვილია ბავშვი უცხო გარემოსთან ადაპტაციის პერიოდი უფრო დიდია, საშუალოდ 5-7 დღე, ჩვენი არდადეგების პერიოდი 10-14 დღით შემოიფარგლება და შესაბამისად მხოლოდ ადაპტაციისთვის არის ხოლმე საკმარისი დასვენება. ასეთ შემთხვევაში ვურჩევ მშობლებს, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მოარიდონ სიცხეს და მთის კურორტებზე წაიყვანონ, ბუნებაში დასვენება არაჩვეულებრივია.

ბევრი კითხულობს ღირს თუ არა კონდინციონერის დამონტაჟება სახლში, სადაც ჩვილი ბავშვია, ამ მიმართულებით რა რეკომენდაციას მოგვცემთ?

თუ გაუსაძლისი სიცხეა და გარემო ტემპერატურა ძალიან მაღალია, უმჯობესია კონდინციონერის გამოყენება. სასურველია, რომ დამონტაჟებული იყოს სხვა ოთახში და სახლის მთლიანი ტემპერატურა დაბალანსებული იყოს.

კონდინციონერი ხანდახან არის ინფექციის წყარო, ატრიალებს არაფილტრირებულ ჰაერს, ეს რისკი არის, მაგრამ ზოგადად, უმჯობესია გაგრილდეს ბავშვი, ვიდრე 40 გრადუსი სიცხის ზემოქმედების ქვეშ იყოს.

რას გვეტყვით მადის დაკარგვაზე, რომელიც ხშირი პრობლემაა ზაფხულში?

ეს ჩვეული მომენტია, მთავარია, რომ ბავშვი დავტვირთოთ სითხეებით, შესაძლებელია დღის რეჟიმის შეცვლაც, ხშირად ჩვილები თვითონ მოძებნიან ხოლმე გამოსავალს, ღამე კარგად ჭამენ და დღის ნორმას ამით ავსებენ, დღის განმავლობაში კი დიდ შუალედებს აკეთებენ, იგივე რეჟიმი შეიძლება მოვარგოთ მოზრდილ ბავშვსაც.

სიცხის გამო მადის დაკარგვა, არანაირად არ არის საგანგაშო, მაქსიმალურად მსუბუქი საკვები შევთავაზოთ, არა ცხიმიანი, ადვილად მონელებადი. ძალიან მნიშვნელოვანია საკვების შენახვის პირობების დაცვა, არსებობს მალფუჭებადი პროდუქტები, მათ შორის რძის ნაწარმი, სადაც ბაქტერიების და განსაკუთრებით სტაფილოკოკის ჩამოყალიბების რისკი მაღალია, ასეთი პროდუქტები უნდა შეიძინონ ვადის გათვალისწინებით. მოერიდეთ ტემპერატურის ცვალებადობას. ასევე ყურადღებით იყავით სუპებთან, 30-40 წუთში შეიძლება სუპი გაფუჭდეს. სასურველია, რომ სუპი და ფაფა ჭამის წინ მომზადდეს და დაუყოვნებლივ მივცეთ ბავშვებს. კრემიან საკონდიტრო ნაწარმს მაქსიმალურად აარიდეთ თავი, განსაკუთრებული ტოქსიურობით ხასიათდება და შესაძლოა ცუდ დღეში ჩააგდოს პატარა. ის, რასაც ჩვენ მოვინელებთ, შესაძლოა, მომწამვლელი იყოს პატარასთვის.

ასევე საკმაოდ აქტუალური თემაა, ჰაერის გამოცვლა ბავშვისთვის, სად გადის ზღვარი სწორ დასვენებას და სწორ არჩევანს შორის?

სოფლად გაზრდილი ბავშვისთვის კურორტი აუცილებელი არ არის, ბევრი სიმწვანე და ჟანგბადია სოფლად, გარემოს შეცვლა ცუდი არ არის, მაგრამ არც აუცილებლობაა. რაც შეეხებად ქალაქის ბავშვებს, მათ ჟანგბადის დეფიციტში უწევთ ცხოვრება მთელი წლის განმავლობაში და მათი გაყვანა სასურველი და აუცილებელია. რომელი კურორტია კარგი ამის თქმა რთულია, თუ ბავშვს სპეციფიკური პრობლემა არ აქვს, ყველა კურორტი კარგია, მთაც და ზღვაც. ზღვის კურორტებზე რაც პატარაა ბავშვი ადაპტაციის პრობლემა ჩნდება, შესაბამისად მშობელმაც და ბავშვმაც ერთნაირად რომ დაისვენონ, უმჯობესია მთიანი კურორტები ამჯობინონ. შეარჩიონ ზღვის დონიდან 1200-1300 მეტრზე განთავსებული კორორტები, სადაც უფრო მეტი ჟანგბადის შემცველობაა ჰაერში ვიდრე დაბალ კორორტებზე.

რამდენია, მინიმალური დრო ჰაერის გამოცვლისთვის და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა კურორტზე , რომ იმუნიტეტი ბოლომდე აღიდგინოს?

გააჩნია სად მიგყავთ ბავშვი, ადაპტაცია განსხვავებულია ზღვის და მთის კურორტებზე, თუ 10 დღით მიდიხართ ზღვის კურორტზე ეს საკმარისი არ არის, რადგან დიდი დრო ჭირდება ადაპტაციას და ასეთი მცირე ხნიანი დასვენება უფრო მეტად სტრესულია პატარასთვის. საზღვაო კურორტებზე გაუწყლოების რისკი უფრო დიდია, მზისგან დამცავის გამოყენების გადაუდებელი აუცილებლობა დგას. რაც შეეხება მთის კურორტებს, ადაპტაციას უფრო მალე გადის ბავშვი და უფრო უმტკივნეულოდაც.  ყველა ეს კომპონენტი გასათვალისწინებელია და ყველა ეს რჩევა ყურადღებული უნდა იქნას, რათა დედამაც და ბავშვმაც ხარისხიანად დაისვენოს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები