პარასკევს, 29 ივნისს მუსიკისა და დრამის თეატრში მუსიკალური სპექტაკლის „Welcome To Georgia – The Musical” სეზონის ბოლო ჩვენება გაიმართა. მიუზიკლის პრემიერა თებერვალში შედგა და პირველ სეზონზე 18 წარმოდგენა ჩატარდა. სპექტაკლებს 2000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო, მათგან უმეტესობა უცხოელი სტუმარია 60 სხვადასხვა ქვეყნიდან. ახალი სეზონი ამავე წლის სექტემბერში გაიხსნება.
„Welcome To Georgia – The Musical” – ეს არის ინგლისურ ენაზე დადგმული მიუზიკლი, რომელიც მოგვითხრობს ამბავს საქართველოსა და ქართველების შესახებ. წარმოდგენა სპეციალურად ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის შეიქმნა და ის რეგულარულად ტარდება მუსიკისა და დრამის თეატრში.
სპექტაკლში მაყურებელი იხილავს ნაციონალურ კოსტიუმებში შესრულებულ ქართულ ცეკვებს, მოისმენს პოლიფონიურ /ქალაქურ სიმღერებს ცოცხალი შესრულებით და გაეცნობა საინტერესო ფაქტებს საქართველოზე, მათ შორის ინფორმაციას ჩვენი კულტურის, ისტორიის, ყოფის, ადათ-წესების, ღვინისა თუ ქართული სუფრის შესახებ.
მიუზიკლი 90 წუთს გრძელდება და ის აერთიანებს დაახლოებით 20-მდე ქართულ სიმღერასა და ცეკვას, რომლებსაც 19 მსახიობი სცენაზე ცოცხალი შესრულებით წარმოგიდგენთ. დიალოგების უმეტესობა ინგლისურ ენაზე სრულდება, ქართული ტექსტის შემთხვევაში კი მაყურებელი ინგლისურ ტიტრებს იხილავს.
მუსიკალური სპექტაკლი რომანტიული კომედიის ჟანრისაა და მისი ლეიტმოტივი ფრანგი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ისტორიაა, რომელიც კახეთში ვითარდება.
პროექტის მხარდამჭერები არიან: Check In Georgia, საქართველოს ტურიზის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და თბილისის მერია. პროექტის მიზნია, სპექტაკლი საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის მათი კულტურული პროგრამის განუყოფელი ნაწილი გახდეს.