საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 2 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, ისტორიულ პიკს მიაღწია.
„საქართველოს ელექტროსისტემის“ ცნობით, საქართველოს ენერგოსისტემის პიკური მოხმარება-1920 მგვტ დაფიქსირდა, რაც 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
„ბოლო პერიოდში, მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს ენერგოსისტემაში საგრძნობლად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. მოხმარების აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით აღემატება შარშანდელი ანალოგიური პერიოდის სიდიდეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსისტემის ზაფხულის პიკური მოხმარების ზრდის ტემპი აჭარბებს ზამთრის პიკური მოხმარების ზრდის ტემპებს და ეს ტენდენცია მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება“, – ნათქვამია „საქართველოს ელექტროსისტემის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.