„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-8 მუხლში, რომელიც პრემიერმინისტრთან და მის უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ახლებურადაა განსაზღვრული პრემიერმინისტრის უფლებამოსილებები საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, პრეზიდენტის დეკრეტებისა და თავდაცვის ძალების გამოყენების საკითხებთან მიმართებით.
უქმდება კანონის მე-8 მუხლის ნ) პუნქტი, რომლის თანახმადაც, პრემიერმინისტრი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას; სანაცვლოდ კი ემატება შემდეგი პუნქტები, რომლის თანახმადაც პრემიერმინისტრი:
„ნ 1) წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით;
ნ 2) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საომარ მდგომარეობის გამოცხადების შესახებ;
ნ 3) მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში გამოცხადების შესახებ;
ნ 4) პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცეს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტები, რომლებიც მოქმედებს შესაბამისად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე;
ნ 5) იღებს გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ;
ნ 6) იღებს გადაწყვეტილებას ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ. ამასთან, პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე;
ნ 7) პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ;
ნ 8) საომარი მდგომარეობის დროს არის სათათბირო ორგანო – ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრი;
ნ 9) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გამოსცემს ბრძანებას, რომლის შესაბამისადაც მოქმედებენ თავდაცვის ძალები“.
მთავრობის ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონის მე-8 მუხლში ასახულია ახალი კონსტიტუციის 70-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებული პრემიერმინისტრის უფლებამოსილები და ამასთან პრემიერმინისტრის ფუნქციების ჩასწორება ახალი კონსტიტუციის შესაბამისი ტერმინოლოგიით ხდება.