რა გავლენას მოახდენს რეგიონში მიმდინარე დაძაბული ვითარება საქართველოზე? რამდენად არის საფრთხის შემცველი ნაბიჯები, რომელსაც რუსეთი ახალი კონფლიქტური კერებით აღვივებს? – ამ საკითხზე „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.
მისი განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლება საგანგაშო სიგნალია საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვისაც წარმოადგენს საფრთხეს. კერძოდ, პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ფონს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის გამოიყენებს. ამ განცხადების საფუძველს მისივე შეფასებით, იძლევა ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების პირადი წარმომადგენლების დანიშვნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
კონკრეტულად, დავითაია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბას დანიშვნაზე ამახვილებს ყურადღებას.
„პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მეზობელი, აგრესორი ქვეყანა ყოველთვის სარგებლობს ამ მდგომარეობას და ამზადებს პლაცდარმს, რათა მაქსიმალურად შეზღუდოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგაშოა. ეს არ დაწყებულა გუშინ ან დღეს. თითქმის 2 წლის წინ მომზადდა სპეციალური პროექტი რუსეთის ფედერაციაში, რაც ითვალისწინებდა ახალგაზრდების გაყვანას ცხინვალის რეგიონიდან, უფრო აფხაზეთიდან, საუბარია კადრების მომზადებაზე, მათ ამუშავებენ მოსკოვის მერიაში, რუსეთის სათათბიროში, ერთ-ერთი ფავორიტი ამ პროექტის იყო ინალ არძინბა, რომელიც კრემლის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, ეს ადამიანი პასუხს აგებდა პროექტაზე „დონბასი და ოდესა“.
თქვენ იცით, რომ რუსეთს აქვს პრობლემა აფხაზეთის მიერთების, ანექსიის, საუბარია გაფორმებაზე ამ თემის, როგორც ყირიმის ანექსიის, ცხივნალში ეს პრობლემა ნაკლებადაა, ვინაიდან ყველა მოქალაქე სამხედრო ბაზაზეა მიბმული და პირიქით, ითხოვენ ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას, აფხაზეთში კი მოსახლეობა უწევს პრობლემას. ამის შემდეგ რუსეთმა ბჟანია აიძულა და დაიწყო საუბარი რუსეთის მოქალაქეებზე მიწების გაფორმებაზე, გამოცემულია ბრძანება, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელიც შეისყიდის შავიზღვისპირეთს, ავტომატურად მიიღებს აფხაზეთის მოქალაქეობას, რაც თვალის ახვევაა, მაგრამ მათ სჭირდებათ ამის გაფორმება. ასეთი ადამიანი არის ინალ არძინბა. მას შეუქმნეს პარტია, თუმცა ამ გზით დიდხანს მოუწდევდათ მისი ხელისუფლებაში მოყვანა და პირდაპირ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს, რათა შემდგომში ამ კრემლის კადრმა, უზრუნველყოს მოსახლეობის თანხმობა ანექსიაზე. ამის საფრთხის წინაშე ვდგავართ დღეს“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.
მისივე თქმით, ამ საფრთხის ფონზე, ქართულ ხელისუფლებას არანაირი გეგმა არ გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
„მედია საქართველოში რატომღაც დუმს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთი დელეგაცია ჩავიდა თურქეთში, მათ ჰქონდათ პარლამენტში შეხვედრა, სადაც განიხილებოდა ფორმატი 3+3, რომელსაც ცნობილია, რომ საქართველო ეწინააღმდეგება. საპარლამენტო დელეგაცია კი თურქეთს სთხოვდა, რომ ამ ფორმატში ჩართულიყო აფხაზეთი. მართალია თურქეთი იცავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ეს საგანგაშო სიგნალებია.
მაგრამ თავად ეს ვიზიტი და აფხაზური სეპარატისტული პარლამენტის მიღება უკვე შეურაცხყოფაა ჩვენთვის და ამას უნდა მოჰყოლოდა ძალიან მკვეთრი რეაქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსი, რასაც პირდაპირ გეტყვით, რომ არ ვხედავ. ჩვენს მეზობლებს არ სძინავთ, თვალი უჭირავთ ჩვენს ტერიტორიებზე და ჩვენს ტერიტორიაზე მყოფი სეპარატისტები ამას უწყობენ ხელს, ჩვენ კი ამ მომენტში ერთმანეთს ვეჭიდავებით, როგორც ყოველთვის, ერთმანეთის შეურაცხოფაზე, ფეისბუქ პოსტების წაკითხვასა და კრიტიკაზე ვართ გადასული. გადახედეთ უახლეს ისტორიას, როგორც კი ჩვენ გვეძაბება სიტუაცია, როგორც კი ჩვენ ვართ დაპირისპირებაში ამ მომენტში მისხალ-მისხალ მიაქვთ ჩვენი მიწები. „რას მიხვდნენ რუსები? ბაგაფში არ დაემორჩილა რუსეთს, არ გააფორმა მიწები და პირდაპირ გეუბნებით, ამის გამო მოკლეს. მოვიდა ხაჯიმბა, რომელსაც მთელი პოლიტიკა ჰქონდა მიწების გაფორმების, მაგრამ ეს მანაც არ გააკეთა და ამ ფონზე ოპოზიციის კლანმა ბჟანია ჩაანაცვლა ხაჯიმბას, მაგრამ დღეს მიხვდნენ, რომ რუსები, რომ აფხაზური კარტის გათამაშებას შედეგი არ მოაქვს და ამიტომ შემოიყვანეს ინალ არძინბა, ბჟანია დღეს ფაქტობრივად მარიონეტი გახდა”, – აცხადებს დავითაია.
რაც შეეხება რეაგირების გზებს, პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ ინალ არძინბა უნდა გამოცხადეს ინტერპოლის მიერ ძებნილად. ამასთან, უნდა დაიწყოს მუშაობა ახალგაზრდებთან საქართველოში სწავლის ხელშეწყობისა და მათი დაინტერესების კუთხით.
“სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიებები და საქმის აღძვრა. ინალ არძინბა უნდა იქნეს ინტერპოლის მიერ ძებნილი.
თუ ასე მოხდება, ინტერპოლის ძებნილი ვერ მოაწერს ხელს ანექსიას. ის ქვეყნის კონსტიტუციური რღვევისათვის დღეს ძებნაში უნდა გამოცხადდეს. იგივე ბჟანია, იგივე ანქვაბი. მათთან მოლაპარაკებები უნდა დავივიწყოთ, რადგან ვერ მოველაპარაკებით.
უნდა დავიწყოთ მუშაობა ახალგაზრდებთან, დაგვიანებულია, მაგრამ არის დრო კიდევ დაიწყოს, ამ ახალგაზრდების სწავლის ხელშეწყობა, ისინი არ უნდა მიდიოდნენ მოსკოვის უნივერსიტეტებში, ჩვენ წამოვიყვანოთ, დავუფინანსოთ საზღვარგარეთ წასვლა და ვანახოთ იქაურ მაცხოვრებლებს, რომ ჩვენ მივისწრაფით ევროკავშირისაკენ, გვაქვს კარგი განათლების, ჯანდაცვის სისტემა. ამას სჭირდება დიდი მუშაობა და სტრატეგიული გეგმა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს”,- განაცხადა პაატა დავითაიამ.