მარეგულირებელმა კომისიამ „მთავარი არხი“ 111 000 ლარით დააჯარიმა. როგორც სამაუწყებლო კომპანიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მიიღეს. ტელეკომპანიის იურისტის თამთა მურადაშვილის სიტყვებით, “კომისიამ ყველაზე დიდი ჯარიმა გამოიყენა, რაც კი ოდესმე მაუწყებლებისთვის დაუწესებიათ”.
საუბარია ვიდეორგოლზე, რომელშიც „ქართული ოცნების“ წევრების გამოსახულებით იქმნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პორტრეტი. ვიდეო-რგოლი „მთავარი არხის“ ეთერში სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ განათავსა. ასევე, ჯარიმა დააწესეს კიდევ ერთი კლიპის გამოც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ეხებოდა.
„არც ვიცით რაზე დაგვაჯარიმა. ხვალაც შეიძლება, რაიმე ახალი მოიგონონ და უარესად დაგვაჯარიმონ, ან საერთოდ, შეგვიჩერონ მაუწყებლობის უფლება. ეს არის გაცხადებული ცენზურა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სამოქალაქო აქტივისტების თავისუფლების შეზღუდვა, პირდაპირი განაცხადია, რომ ხორციელდება პუტინის პოლიტიკა მედიის წინააღმდეგ. ეს არის მთავარი ამბავი.
თითქოს განვათავსეთ პოლიტიკური რეკლამა არასაარჩევნო დროს. თავადაც ადასტურებენ, რომ კონკრეტული კანონის მუხლი არ არსებობს. აკეთებენ საკუთარ ინტერპრეტაციებს, რას თვლიან პოლიტიკურ რეკლამად“, – აცხადებს თამთა მურადაშვილი ტვ „ფორმულასთან“ საუბარში.
თავად მოძრაობა „სირცხვილიაში“ კი ამბობენ, რომ მათი ვიდეო-რგოლით ისინი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსს და ქვეყნის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ.
„აღნიშნული გამოსახულებით, ჩვენ ვაპროტესტებთ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. ვაპროტესტებთ ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება და ვცდილობთ მოქალაქეთა ინფორმირებას.
„მთავარი არხის“ სანქცირების მცდელობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია; ჩვენ ვხედავთ ცენზურის დაკანონებისა და ზოგადად, კრიტიკული აზრის შეზღუდვის მორიგი მცდელობას. ანუ იმას, რასაც ვიდეო-რგოლით ვაპროტესტებთ“, – წერს სამოქალაქო აქტივისტი და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი, ნოდარ რუხაძე სოციალურ ქსელში.