კონგრესმენ ტედ პოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიმართ სრულ მხარდაჭერას ადასტურებს და ასევე, აშშ-ის პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„კონგრესმა ძალიან მკაფიოდ უნდა დაადასტუროს თავისი ერთგულება საქართველოსა და მისი დამოუკიდებლობის მიმართ. საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც მიუღებელია. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ერთი მესამედის ოკუპაციას. როდესაც საკანონმდებლო აქტს მივიღებთ, იქნება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთიანობის კიდევ ერთი კარგი ნიშანი,“ – განაცხადა ტედ პომ.
ორპარტიული საკანონმდებლო აქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.
„პირველად ხდება, როდესაც ამერიკის კონგრესში, ჩვენი მეგობრების ინიციატივით ასეთი აქტი შედის – ეს არის ნამდვილად ისტორიული მოვლენა,“ – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ კონგრესმენებს საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის კონგრესში ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, დოკუმენტში ასახულია ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და დადასტურებულია მკაფიო მხარდაჭერა ყველა მიმართულებით.