LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ანტისანიტარიის ბუდე” – რა ბედი ელის თბილისში 170-ზე მეტ დაუსრულებელ შენობა-ნაგებობას

დედაქალაქში არსებული 170-ზე მეტი დაუსრულებელი შენობა-ნაგებობა და საფრთხე, რომელიც მოქალაქეებს ყოველდღე ემუქრებათ – თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების საკითხის გადაჭრა დააანონსა. აღნიშნულზე პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე დედაქალაქის მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს.

პრობლემის გადაჭრის გეგმის შედგენა ახლა მერისგან მოადგილეს, ილია ელოშვილს დაეკისრა. სწორედ ელოშვილმა უნდა მოიფიქროს გზები, როგორ შეიძლება თბილისი დაუსრულებელი შენობებისგან დაცარიელდეს ან ამ ნაგებობების მშენებლობა დასრულდეს.

ასეთი შენობა-ნაგებობები დღეს, ერთის მხრივ, დედაქალაქის იერსახისთვის პრობლემას წარმოადგენს, მეორეს მხრივ, მიმდებარედ მცხოვრებთათვის საშიშია.

თავად კახა კალაძე დაუსრულებელ მშენებლობებს „ანტისანიტარიის ბუდეს“ უწოდებს.

„თბილისში ბევრი ლოკაციაა, სადაც უკვე მშენებლობა დაწყებულია, საძირკველი ამოღებულია, რამდენიმე სართული აშენებულია, წლებია გაჩერებულია და ეს ადგილები ანტისანიტარიის ბუდედ იქცა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ სამშენებლო კომპანიებს და დეველოპერებს, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს,“ – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილე ინიციატივით გამოდის, რომ დაუსრულებელ მშენებლობებზე დღგ-ის და სხვა საგადასახადო შეღავათები გავრცელდეს, ამისთვის კი ილია ელოშვილი ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აპირებს.

ელოშვილი პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე გზას ხედავს.

„ინდივიდუალურად თითოეული ამგვარი მშენებლობისთვის იქნება მოლაპარაკება წარმოებული და ის ზომები მიღებული, რომელიც არის გონივრული, დაეხმარება მათ მშენებლობა დაასრულონ. ზოგ შემთხვევაში იმისთვის, რომ მშენებლობა გახდეს კომერციულად საინტერესო, უნდა გაგრძელდეს მშენებლობა არა პირველადი სამშენებლო, არამედ მომატებული სამშენებლო ფართებით. ესეც ერთ-ერთი ოფციაა,“ – განაცხადა ელოშვილმა.

ყველაზე აპრობირებული მეთოდი იმისთვის, რომ ამგვარი მშენებლობები კომერციულად საინტერესო იყოს, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, დღგ-ის გადასახადისგან გათავისუფლებაა.

ეკონომისტთა ნაწილში კომპანიების გადასახადებისგან გათავისუფლება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. გიორგი პაპავა ფიქრობს, რომ დღგ-ის და და სხვა გადასახადებისგან კერძო კომპანიების გათავისუფლება არასწორ გზავნილს გზავნის იმ ადამიანებთან, ვინც აშენებს და ისინი მომავალში იფიქრებენ, რომ თუ თავად ვერ ააშენეს და ამ მხრივ, პრობლემები შეექმნათ, სახელმწიფო ასეთ კომპანიებს მუდმივად დაეხმარება.

“მე ამ იდეას არ ვემხრობი იმიტომ, რომ არიან კერძო კომპანიები, რომლებმაც შეძლეს ჩვეულებრივად მშენებლობების დამთავრება და თუკი რომელიმე კომპანიამ არასწორი მენეჯმეტის გამო მშენებლობის დასრულება ვერ მოახერხა, მემგონი, არ იქნება მიზანშეწონილი მისი საქმე სახელმწიფო კისერზე დადგეს. მგონია, რომ არც ასეთი შენობების დანგრევაა ცალსახად გამოსავალი,” – ამბობს “ფორტუნასთან” გიორგი პაპავა.

საწინააღმდეგო პოზიციაზეა ეკონომისტი სოსო არჩვაძე. არჩვაძეს მიაჩნია, რომ მშენებლობაში თავისუფლად შეიძლება ამ პრინციპის გამოყენება ამ პროცესის რაც შეიძლება მალე დასამთავრებლად. მისი თქმით, საჭიროა განსაკუთრებით დიდი მოცულობის სახსრების ქონა იმისთვის, რომ კვლავწარმოების პროცესი შეუფერხებლად განხორციელდეს.

“ნებისმიერ ეტაპზე გარკვეული შეღავათი აჩქარებს სამშენებლო პროცესს, ამიტომ ეს ცალსახად მისასალმებელი ინიციატივაა, ერთდროულად გაკეთდება ორი საქმე, ქალაქს იხსნის ქაოტური შენობებისაგან. ის, რომ ამ ინიციატივით ბოროტად ისარგებლონ სხვა დეველოპერებმა, სწორი მიდგომა არ არის. სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს დამატებით შემოსავალს იმ პროცესებისგან, რომლებიც ჩნდება სამშენებლო პროცესში, ეს იქნება ნებისმიერი სამშენებლო მასალის რეალიზაცია, მშენებლობაში დასაქმებული პირების საშემოსავლო გადასახადი და ა.შ.”– ამბობს სოსო არჩვაძე.

არსებულ ინიციატივას მიესალმებიან მენაშენეები. „მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ წარმოუდგენელია მილიონნახევრიან დედაქალაქში მშენებლობები ათწლეულებით იყოს შეჩერებული.

როსტომაშვილი, იმ უარყოფით ტენდენციაზე საუბრობს, რომელიც შეჩერებული საბინაო მშენებლობებისგან არის გამოწვეული, მაშინ როდესაც ათიათასობით მოქალაქე ელოდება ბინებს. მენაშენეები ხაზგასმით ამბობენ, რომ აუცილებელია შეჩერებული მშენებლობების ნაწილის დემონტაჟი იმის გამო, რომ ისინი უსაფრთხო აღარ არის. მათი თქმით, მიტოვებული მშენებლობები ე.წ. „ბომჟებისა“ და ნარკომანების თავშესაფრად იქცა.

„მგონია, რომ რამდენიმე ობიექტის დემონტაჟი უნდა მოხდეს იმიტომ, რომ თავის დროზე კონსერვაციის რეჟიმი არ იყო დაცული და ახლა ის უკვე უსაფრთხო აღარ არის. არ გინახავთ, რომ შეჩერებულ მშენებლობებში ე.წ. „ბომჟები“ ცხოვრობენ? ეს არის გაურკვეველი ადამიანების – ლოთების, ნარკომანების და ა.შ. თავშესაფარი. ესეც იმ სამშენებლო და მიწის მფლობელის პასუხისმგებლობაა, რომ ეს ტერიტორია არ იყოს გაურკვეველი ადგილი, რომელიც ტუალეტად არის ქცეული და სადაც ნაგავი და შპრიცები იყრება,“ – ამბობს როსტომაშვილი.

რაც შეეხება ინიციატივასთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებს, ეკონომისტთა ნაწილის აზრით, ყველაზე საგულისხმოა ის ფაქტორი, რომ საბინაო ბაზარზე კომპანიებს შორის სასტარტო პირობები არ დაირღვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება რომელიმე კომპანიამ დაუსრულებელი მშენებლობის დასრულება გადაწყვიტოს, ამ კომპანიას გადასახადები არ ჰქონდეს და შემდეგ ფართები დარჩეს გასაყიდი, რომლითაც მნიშვნელოვნად აჯობებს თავის კონკურენტებს. რამაზ გერლიანი “ფორტუნასთან” განმარტავს, რომ სასტარტო პირობები თუ დაირღვა, ეს პირდაპირ დაარტყამს კონკურენციას და სხვა დეველოპერებს, კონკურენციის თვალსაზრისით, უკვე ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის.

“არსებობს იმის ალბათობა, რომ კომპანიებმა ხელოვნურად არ ქნან ისე, რომ პირობითად თქვან, თითქოს უჭირთ და საშეღავათო პროგრამაში ჩაჯდნენ. ამ შემთხვევაში, ეს უკვე სეგმენტს დაარტყამს იმიტომ, რომ ზოგი კომპანია ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. თუ რომელიმე კომპანიას შეექმნა პრობლემა და სახელმწიფო ისევ გაუკეთებს შეღავათს, მაშინ ეს რისკი იქნება გარანტირებულად. როგორც კი რიგ კომპანიებზე ამ შეღავათს დაუშვებ, სხვა კეთილსინდისიერ კონკურენტიან კომპანიებს შეუქმნი პრობლემას,” – ამბობს გერლიანი.

სპეციალისტების განმარტებით, შეჩერებული მშენებლობების პრობლემების მოგვარება 1-2 თვეში მოლაპარაკებებისა და ურთიერთობის საფუძველზე შესაძლებელია.

თათია კაკიაშვილი