საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტს PCR ტესტი ჩაუტარდა, რადგან, მისი თქმით, გლდანის #18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, სავარაუდოდ, კორონავირუსი დაუდგინდა.
მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს პენიტენციური დაწესებულების დირექტორთან რამდენჯერმე ჰქონდა კონტაქტი.
“PCR ტესტი მას აღებული აქვს და ელოდებიან, ამ დრომდე ეს პასუხი არ ყოფილა. ეს ინფორმაცია დღეს მედიიდან გახდა ცნობილი. ჩვენ ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა თუ არა კონტაქტი #18 დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ კი ჰქონდა და არაერთხელ. უცნობია, როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი, თუმცა, დღეს დილით აუღეს მას PCR ტესტი და ახლა ველოდებით ამის პასუხს.
აქამდე მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ PCR ტესტის აღება მოხდა, რადგან #18 დაწესებულების დირექტორს დაუდასტურდა კოვიდი. ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არ არის დაცული და ამაში იგულისხმება ნებისმიერ საფრთხე, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.